მას მერე, რაც დღეს ალბათ უკვე შეიტყვეთ, რომ თქვენ, ქალბატონებს, ვინც არიან თქვენი წევრები და ცნობილია საზოგადოებისთვის წინა მოწვევის პარლამენტიდან, ამ 12 ადამიანში ახალი წევრებიც იყვნენ, თქვენ დღემდე თვლით, რომ ეს სწორია, როგორც თქვენ ექცევით თქვენივე ამომრჩეველს და საკუთარ საპარლამენტო მანდატს? – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, პარტია “გახარია -საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება და სხდომაზე ერთვება.
წულუკიანის განცხადებით, თუ გახარია პარლამენტს არ აღიარებს, მაშინ, გაუგებარია, რატომ ითხოვდა ის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩართვის შესაძლებლობას.
“თუ ეს სწორია, რა არის ამის მიზეზი, არ აღიარებთ პარლამენტს? მაშინ, რატომ გვევედრებოდით ჩამრთეთო? ან აღიარებთ ამ პარლამენტს, ან არ აღიარებთ. მე პირადად ვერ გავიგე და მაინტერესებს. ჩემი პოზიცია უკვე ვთქვი, რომ პარლამენტში ოპოზიცია საჭიროა. ან ასეთი პოზიცია უნდა გქონდეთ, ან – ისეთი. ორი წევრი [გახარიას პარტიიდან] აქ უნდა იჯდეს. დღემდე თვლით რომ ეს სწორია, როგორც მოექეცით საკუთარ მანდატებს და ამომრჩეველს?” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კომისიის თავმჯდომარის ამ შეკითხვას გახარიამ ასე უპასუხა: “ჩვენ როგორ მოვექეცით საკუთარ ამომრჩეველს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ამომრჩეველი, როდესაც შემდგომი არჩევნები იქნება.”