ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ნარკოპოლიტიკასა და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ საუბრის ფარგლებში, ამბობს, რომ სახელმწიფოს გეგმა 4 მთავარი კომპონენტისგან შედგება.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია ინფრასტრუქტურული განვითარება, ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტები ისეთ ადგილებში არ ფუნქციონირებდეს, სადაც მოზარდები და ბავშვები ხშირად გადაადგილდებიან.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია თავად მედიკამენტები. მისი თქმით, სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს გაუმჯობესებაზე. აქვე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მედიკამენტების შემომტანი სრულად სახელმწიფო იქნება.
“მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის თვითონ მედიკამენტები. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ ორიენტირებული უნდა ვიყოთ განახლებაზე, გაუმჯობესებაზე. დიდი ხნის განმავლობაში ეს საქმე წინ არ წაწეულა. არადა, მსოფლიოში გაჩნდა უკეთესი საშუალებები, ნაკლები ზიანის მომტანი საშუალებები, რაზეც სახელმწიფო დაიწყებს მუშაობას. მედიკამენტების შემომტანი სრულად სახელმწიფო იქნება”, – აცხადებს მინისტრი.