ეს რეზოლუცია საქართველოში სიტუაციის რადიკალიზაციას ემსახურება. ფაქტობრივად, ევროკავშირი უარს ამბობს საქართველოში არჩევნებზე, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, თვითონ ევროპული საზოგადოებებიც ხედავენ თუ რა შიდა ეროზია მიმდინარეობს ევროკავშირის ელიტებში.
„თუ ჩვენ უფრო კონკრეტულ სეგმენტებს გავყვებით, ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ აქ, საქართველოში სიტუაციის რადიკალიზაციას ემსახურება. პირდაპირ რადიკალიზაციისკენ არის ეს რეზოლუცია მოწოდებული. ფაქტობრივად ევროკავშირი უარს ამბობს საქართველოში არჩევნებზე. ანუ ჩატარებული არჩევნების შედეგები არ მოსწონს, თორემ არჩევნების პროცესთან კონკრეტულ შენიშვნას ვერ ამბობენ. ელემენტარულად, რომ თქვან, ლოგიკურად აღწერეთ, როგორ შეიძლება გაყალბებულიყო არჩევნები, ვერ აღწერენ იმიტომ, რომ წარმოუდგენელია. ის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენთან არის, ის ტექნოლოგია ელექტრონული, რომელიც ჩვენთან ტარდება, რომ ეს რამენაირად მოახერხო. ან ის მედიაპლურალიზმი, რომელიც საქართველოშია, განსხვავებით ევროპის ბევრი ქვეყნისა და ესეც დღეს უკვე რეალობაა, ამიტომ ამის ახსნა არ შეიძლება. ამიტომ ასეთი ლოზუნგები აქვთ მოფიქრებული: „რუსული სპეცოპერაცია“ და აი, ამ სრულ სიგიჟეში გვამყოფებენ. მივიდნენ იქამდე, რომ ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი არიან თვითონ ეგენიც და რა თქმა უნდა აქ მათი სატელიტების დიდი უმრავლესობა. აი, ეს არის ტყუილზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგი, როდესაც ევროპა ჯერ გამჭვირვალობის წინააღმდეგი იყო, ახლა საერთოდ არჩევნების წინააღმდეგი გამოდის. უკვე სადამდე არის ვითარება დასული. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ეს ყველაფერი თვითონ ევროპამ უნდა დაინახოს, რომ ეს აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული არის არა მარტო ჩვენი შორის დაახლოების გზაზე, ამაზე მე უკვე ძალიან სკეპტიკურად ვარ მათი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, არამედ თვით ევროპისათვის. იმიტომ, რომ ეს შიდა ეროზიას იწვევს და ამ შიდა ეროზიას საზოგადოება არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, თვითონ ევროპული საზოგადოებებიც ხედავენ თუ რა შიდა ეროზია მიმდინარეობს ევროკავშირის ელიტებში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.