თითოეული რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა უკანასკნელ თვეებში მიიღო, არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი სასოწარკვეთილი ოპოზიცია, რომელსაც პულსი აღარ ესინჯება, როგორმე ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანონ, – განაცხადა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა ჰკითხა, რა ინსტრუმენტების გამოყენებას ეცდება ოპოზიცია და მისი მეგობრები თვითმმართველობის არჩევნების წინ და რა იქნება მთავარი ბრალდებები, რომელსაც ხელისუფლება მოისმენს 4 ოქტომბრამდე.
„თითოეული რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა უკანასკნელ თვეებში მიიღო, არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი სასოწარკვეთილი ოპოზიცია, რომელსაც პულსი აღარ ესინჯება, როგორმე ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანონ, არჩევნებამდე შეუნარჩუნონ დარჩენილი სიცოცხლის ნიშან-წყალი. ერთადერთი მიზანი ამ რეზოლუციების სწორედ ეს არის.
[არჩევნებამდე] იქნება მსგავსი განცხადებები, რომელიც წამოვა რასას [იუკნევიჩიენე] მსგავსი ადამიანებისგან, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო არაკონკურენტული, რადგან რიგმა ოპოზიციურმა წარმონაქმნებმა არ მიიღეს მონაწილეობა, რადგან კანონმდებლობა, რომელიც მიიღო საქართველომ, არის დრაკონული, საშინელი და ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს და ა.შ. ასეთი საბჭოთა მენტალობის ადამიანები ბევრ ტყუილს იტყვიან კიდევ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ კარგად დაინახა ვინ ვინ არის, ვინ ვის თამაშს თამაშობს და რაზეა წამვსლელი“, – აღნიშნა სამხარაძემ.