ბანკი „ქართუ“ „ტვ პირველს“ სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივის. საქმე ეხება ინფორმაციას, რომელიც ოპოზიციურმა არხმა ფაქტების გარეშე გააშუქა.
ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გულუა „ქრონიკასთან“ ამბობს, რომ ტელევიზიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ბანკის გამოყენებას ქონების გადასამალად ცდილობს და თითქოს ბანკი ყველაზე გაუმჭვირვალე ინსტიტუტია დღეს საქართველოში.
„ამ განცხადებებზე, რაც სრული სიცრუეა, მოხდა ბანკის მხრიდან რეაგირება, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში. ჩვენ არაერთი სარჩელი გვაქვს წარდგენილი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ, მათ მიერ განხორციელებულ ცილისწამებასთან დაკავშირებით. ბანკი არის ფონდ „ქართუს“ მფლობელობაში და ემსახურება ფონდის პროექტებს, ბანკიდან მიღებული მოგება ემსახურება ფონდის პროექტების განხორციელებას და შემდგომში ეს თანხა ფონდის მიერ საქველმოქმედო მიზნებისთვის იხარჯება. სხვა პირებზე ბანკის მოგების განაწილება კანონით აკრძალულია.
ცილისწამების მიზანია, რომ ბანკი „ქართუს“ დისკრედიტაცია მოხდეს, ის წარმოჩინდეს, როგორც ერთი ჯგუფისა და ერთი პირის ინტერესების გამტარებელ ბანკად, რაც რა თქმა უნდა, ასე არ არის. ბანკი იცავს ეროვნული ბანკის რეგულაციებს. დაკავშირებულ მხარეებთან საკმაოდ მკაცრი რეგულაციაა“, – განაცხადა ნიკოლოზ გულუამ.