საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ. დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, დედაქალაქის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო,
„საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ მოსახლეობასთან და განსაკუთრებულ როლს ასრულებენ პრობლემების მერიამდე მიტანასა და მათი გადაჭრის უზრუნველყოფაში. მინდა, მადლობა გადავუხადო, თბილისის საკრებულოს თითოეულ წევრს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ თბილისის განვითარებაში შეიტანეს. დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან სწორედ ახლა გახდება ცნობილი ჩვენი გუნდის იმ წევრების – საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა, რომლებმაც შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ. მინდა, წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს და თბილისის საკრებულოში საკუთარ წარმომადგენლობას ანდობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.