დღეს, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მინდა წარმოგიდგინოთ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით – 63 მუნიციპალიტეტში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ყველა გამოკითხვის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა მაღალი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში, რაც მმართველი პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების დამსახურებაა.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავხსენით საარჩევნო კამპანია, წარვადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. დღეს, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მინდა წარმოგიდგინოთ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით – 63 მუნიციპალიტეტში.
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა გამოკითხვის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა სარგებლობს გამორჩეულად მაღალი ნდობით საზოგადოებაში. ეს არის ჩვენი პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების, ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერების, მერების, საკრებულოს თავმჯდომარეების, საკრებულოს წევრების, ადგილობრივი ხელისუფლების თითოეული თანამშრომლის დამსახურება. ამისათვის, ყველა მათგანს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტების მერებს, რომლებიც გასული ოთხი წლის განმავლობაში, ადგილობრივ მოსახლეობას კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტების მერებს, რომლებიც გასული 4 წლის განმავლობაში პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით ემსახურებოდნენ საკუთარ მუნიციპალიტეტებს და ადგილობრივ მოსახლეობას.
უნდა აღინიშნოს, რომ დღეს წარსადგენი 63 კანდიდატიდან უმრავლესობა მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელია. ასევე, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ კანდიდატებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.