7 ნოემბერს ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ ხელისუფლება მას არ ემსახურება და პირიქით, მის წინააღმდეგ არის, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე.
სუბარის თქმით, 7 ნოემბერი გარდატეხის დღე იყო, „ნაციონალური მოძრაობისა” და პირადად მიხეილ სააკაშვილის ახლანდელი განცხადებები კი ადასტურებს, რომ მათი განწყობა არ შეცვლილა და დღესაც იმავეს გამმეორებლები არიან.
სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით სააკაშვილის გუშინდელი და წარსულში გაკეთებული განცხადებები გაიხსენა.
„დარბევიდან რამდენიმე დღის შემდეგ თქვა, რომ „იმედი“ იყო სიცრუის მანქანა და ამიტომაც უნდა დარბეულიყო. „უოლ სთრით ჯორნალთან“ თქვა, რომ არხის რეპორტაჟები აღმაშფოთებელი იყო და ამიტომ დახურეს. იმის გამო, რომ არ მოსწონდა, თურმე „მოსულა“ არხის დახურვა. ეს არ იყო არხის დახურვა, ეს იყო სპეცრაზმის შემოჭრა, უდიდესი სისასტიკე თანამშრომლების მიმართ.
სააკაშვილი ბოლო განცხადებაშიც იტყუება, როცა ამბობს, რომ რამდენიმე დღით დავხურეთ და მფლობელს დავუბრუნეთო. მფლობელს კი არ დაუბრუნეს, გადასცეს სრულიად უცხო ადამიანს, რომელსაც კავშირი არ ჰქონდა არც „იმედთან“ და არც ამ საკუთრებასთან. შესაბამისად, არხმა სრულად შეიცვალა სარედაქციო პოლიტიკა და ჩადგა ხელისუფლების სამსახურში, რაც იყო მათი მიზანი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის თქმით, 7 ნოემბერს ხელისუფლებამ დაარღვია კონსტიტუცია, როცა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ თავდაცვის ძალები გამოიყვანა.
„2 ნოემბერს იყო პირველი დიდი აქცია, ხელის შეშლა იყო დიდი, მაგრამ მაინც ბევრი ხალხი შეიკრიბა. 2 ნოემბერს აქცია დასრულდა, 3 ნოემბერს კიდევ უფრო ცოტა ხალხი იყო და იკლებდა რაოდენობა. 7 ნოემბერს, როცა დარბევა დაიწყო, ოცამდე ადამიანი იყო პარლამენტის წინ, ამ დროს ადამიანებს უსასტიკესად სცემეს. ამას მოჰყვა ხალხის სპონტანური რეაქცია, ამ სპონტანური რეაქციისთვის ხელისუფლებას უკვე გამოყვანილი ჰყავდა თავდაცვის ძალები, პოლიციურ ძალებთან ერთად, სასჯელაღსრულების სპეცრაზმიც. კონსტიტუცია დაირღვა, როდესაც თავდაცვის ძალები გამოიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც სასჯელაღსრულების სპეცრაზმი გამოიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
