თბილისი არ არის საჯილდაო ქვა და არ შეიძლება, რომ თბილისს უყურო არა როგორც გულშემატკივარმა და არ იფიქრო იმაზე, როგორ ემსახურო შენს ქალაქს, არამედ ფიქრობდე თუ როგორ გამოიყენო ეს ქალაქი შენი ბოროტი ზრახვებისათვის, რასაც ხშირ შემთხვევაში ვხვდებით ჩვენი ოპონენტების ნამოქმედარში, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ქართული ოცნების“ კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა ლევან ჯაფარიძემ, ოპონენტების საარჩევნო განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მმართველ გუნდს თბილისი უნდა წაგლიჯონ.
მისი თქმით, მის კონკურენტთან „ლელოდან“ თამარ ბოყოველთან, პირადად მას პრეტენზიები არ აქვს, თუმცა თავად ოპოზიციის მიდგომების გათვალისწინებით ძნელი დასაჯერებელია, რომ რადიკალები საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებენ.
„რაც შეეხება ჩემს ოპონენტს, მასთან მიმართებაში ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. წლებია ერთ უბანში ვცხოვრობთ, ჩემი მეზობელია. პირადი არანაირი პრობლემა მასთან არ გამაჩნია. ერთადერთი პრობლემა არის მხოლოდ და მხოლოდ მისი არჩევანი, ეს არის „ლელო“. ხოლო რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებიც რაღაცის წაგლეჯას ლამობენ, ნახევრად ხუმრობით გეტყვით, რომ მათი წასაგლეჯი კბილი კარგა ხანია გამოვიცვალეთ.
თბილისი არ არის საჯილდაო ქვა და არ შეიძლება, რომ თბილისს უყურო არა როგორც გულშემატკივარმა და არ იფიქრო იმაზე, როგორ ემსახურო შენს ქალაქს, არამედ ფიქრობდე თუ როგორ გამოიყენო ეს ქალაქი შენი ბოროტი ზრახვებისათვის, რასაც ხშირ შემთხვევაში ვხვდებით ჩვენი ოპონენტების ნამოქმედარში. ეს ქალაქი არასოდეს არ მისცემს საშუალებას და მისი მოქალაქეები, რაღაც გაურკვეველ ძალებს, რომ ისინი იყვნენ გამოყენებულები და მათით ისარგებლონ. მათი დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების და ამომრჩევლის მიმართ კარგად ჩანს ბოლო წლების განმავლობაში თუნდაც იმ ცარიელი სკამებით თბილისის საკრებულოში, რომელიც ოპოზიციისთვის იყო განკუთვნილი. ზუსტად ეს არის მათი დამოკიდებულება, მათივე ამომრჩევლის მიმართ, ეს არის მათი პასუხისმგებლობა ამ ქალაქის მიმართ. მე ღრმად მწამს და მჯერა, რომ ეს ქალაქი სწორად გააკეთებს არჩევანს. ეს არ არის თემა, რომ მე არ ვთხოვ ჩემს ამომრჩეველს, რომ რაღაცაში მენდონ ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ კარგად ვანახეთ ამომრჩეველს თუ რისი გაკეთება გვინდა. რა შევძელით, რომ გაგვეკეთებინა. არ ვემალებით პრობლემებს. მომავალშიც ვაპირებთ ამის გაგრძელებას. გვინდა, რომ ამ ადამიანებმა განსაზღვრონ სწორედ ჩვენი ნაკეთები საქმიდან და არა რაღაც საუბრებიდან და ვიღაცის ნაკარნახების გამეორებიდან“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.