თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში აბსოლუტურად სხვა ვითარება იქნება და ისინი მეტი ძალისხმევით გააგრძელებენ მუშაობას, რადგან გარკვეული პრობლემები ჯერ კიდევ სახეზეა.
როგორც აბაშიძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” განმარტა, მათ მოქალაქეების მხარდაჭერის იმედი იმიტომ აქვთ, რომ ისინი ხალხთან ერთად დგანან.
“ჩვენი, მთაწმინდის რაიონი რთულია თავისი გეოგრაფიული დატვირთვით, რადგან ეს არის ისტორიული უბანი, გამოირჩევა თავის ისტორიული შენობა-ნაგებობებით და ამავდროულად, უნდა ითქვას, რომ ძალიან კონტრასტულიც არის იმ თვალსაზრისით, რომ დედაქალაქი გაფართოვდა და მთაწმინდის რაიონის შემადგენლობაში შემოვიდა ისეთი ტერიტორიები, როგორიც არის კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, ოქროყანა და, ბუნებრივია, აბსოლუტურად განსხვავებულია მიდგომები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემები აქვს მოსახლეობას მაგალითად: სოლოლაკში, მთაწმინდაზე, ვერაზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანის გვერდზე ვიდექით. პრობლემები ჯერ კიდევ სახეზეა, რადგან ჩვენი მთავარი გამოწვევა მაინც რჩება ის ავარიული სახლები, რომელიც გვაქვს დედაქალაქში და ისტორიული უბნის ნაწილში ეს სხვანაირად არის წარმოდგენილი. ჩვენ თბილისის სხვა რაიონებში საკმაოდ წარმატებით დავიწყეთ ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც დაახლოებით 1 100 ოჯახს შეეხო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და, ბუნებრივია, ასეთი ტიპის პროექტები უნდა განხორციელდეს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონშიც. ჩვენ მოქალაქეებს ვპირდებით, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში აბსოლუტურად სხვა ვითარება გვექნება, მეტი ძალისხმევით გავაგრძელებთ მუშაობას და თვალსაჩინოც არის ისიც, რომ 8 წლის წინანდელი თბილისი და დღევანდელი თბილისი აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გზების საკითხებზე, დაახლოებით 1700-ზე მეტი გზის და გამზირის რეაბილიტაცია მოხდა თბილისის მასშტაბით, დაახლოებით 2 500-ზე მეტი არსებული სკვერების რეაბილიტაცია და ახალი რეკრეაციული სივრცეები გაჩნდა დედაქალაქში. ვილაპარაკებთ ტრანსპორტის პოლიტიკაზე, 900-ზე მეტი ახალი ავტობუსია დედაქალაქში და ა.შ. ასევე, შეგვიძლია იმ დაზარალებულ მოქალაქეებზე ვისაუბროთ, რომლებიც სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის მხრიდან დაზარალდნენ, ელოდებოდნენ ბინებს და კომპანიებმა ვერ განახორციელეს აღებული ვალდებულებები, დედაქალაქის მერიამ ამ წლების განმავლობაში აიღო ეს პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე და დაახლოებით 12 000-ზე მეტ ადამიანს გადაეცათ ბინები. ეს პროცესი კიდევ გრძელდება. რატომ გვაქვს დღეს ჩვენ იმედი, რომ მოქალაქეების მხარდაჭერა გვექნება? იმიტომ, რომ ჩვენ ვდგავართ ხალხთან ერთად”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ აბაშიძე.