“რაც უფრო დაიძლევა “დიფ სთეითი”, მით უფრო გამოსწორდება ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა, – ეს არის ჩვენი გადმოსახედიდან მთავარი ტესტი,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” მზადაა, აშშ-სთან ღია ურთიერთობებისათვის და ღია წერილებიც სწორედ ამის დასტურია.
“ვფიქრობთ, რომ მათ, ვისაც აქვთ კეთილსინდისიერი მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით, არაფერი არ უშლით ხელს, რომ ეს შემხვედრი ნაბიჯები დავინახოთ. მანამდე იყო პრემიერის ღია წერილი, პრეზიდენტის ღია წერილი, რომელიც, ჩემი შეფასებით, ემსახურება სწორედ იმას, რომ ღია ურთიერთობებისთვის ვართ მზად. გვინდა, ღია, გასაგები ურთიერთობები, რომელიც დაფუძნებულია ორივე ხალხების ინტერესების აღიარებაზე და სწორედ ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ დეკლარირებულად ახალი ადმინისტრაციის განცხადებებით, მათ შორის, სახელმწიფო მდივნის განცხადებაც ეხებოდა ამ საკითხს, რომ ამერიკა აღიარებს სხვა ქვეყნების ინტერესებს და აქედან ამოდის.
ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი, მაგრამ დიპლომატიის ფუნქცია არის ის, რომ ეს ინტერესები სადაც თანხვედრაშია, გამოიყენოს შესაძლებლობა და თანხვედრაში მოიყვანოს, სადაც ეს ინტერესები არ ემთხვევა, თავიდან აიცილოს კონფლიქტები. აქაც, მნიშვნელოვანი სიგნალი იყო ის, რომ მოხდა საჯაროდ გაცხადება იმისა, რომ სხვა ქვეყნების, მათ შორის, პატარა ქვეყნების ინტერესების აღიარებაც იქნება. ის, რომ ჩვენი ინტერესია მშვიდობა, მაგალითად, წინა ადმინისტრაციაში ეს არ იყო ნათელი.
რაც უფრო დაიძლევა “დიფ სთეითი”, მით უფრო გამოსწორდება ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა, – ეს არის ჩვენი გადმოსახედიდან მთავარი ტესტი. ასე რომ, ვნახოთ.
ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტი იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, კონცენტრირებულია საკუთარ ინტერესებზე. ჩვენი ინტერესია მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. წელს პირველად გადავცდებით ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარის შიდა პროდუქტის მაჩვენებელს და ამით, ფაქტობრივად, ვუახლოვდებით უკვე ევროკავშირის დონეს და კანდიდატ ქვეყნებს შორის ვიქნებით ერთ-ერთი ლიდერი.
ამასთან, კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკა, ნებისმიერი მიმართულებით ისე იყოს წარმართული, რომ არ დავაზიანოთ მთავარი ინტერესი – ქვეყნის გაერთიანების მიზანი. ჩათვალეთ, რომ ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და ბევრი დედაქალაქისთვის, ჩვენ სამუდამოდ დავკარგავდით პერსპექტივას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის.
ჩვენი ყველა გადაწყვეტილების ტესტი არის ორი საკითხი – პირველი, – ამით ხელს ვუწყობთ თუ დავაზიანებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესს და მეორე – ამით ხელს ვუწყობთ თუ დავაზიანებთ მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას.
ამას შემდეგ მოჰყვება საერთაშორისო ურთიერთობები, სტრატეგიული ურთიერთობა ადა ა.შ. ჩვენი პირველადი ამოცანა არის ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ ვართ მზად აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა გავწეროთ პუნქტობრივად. მითუმეტეს, რომ ახალი პრეზიდენტი არ ერიდება ღიად თქვას, რა ინტერესები აქვს აშშ-ს, – სუფთა მერკანტილური ინტერესები ეკონომიკური კუთხით. პირდაპირ ჩამოწერონ, რა ინტერესებია აშშ-ის, ჩვენ ვიტყვით, რა ინტერესებია ქართველი ხალხის. ჩვენი 4-მილიონიანი მოსახლეობით და მცირე ტერიტორიით, არ მგონია, ისეთი განსაკუთრებული ინტერესი გვქონდეს, რომ აშშ-სთვის შეუძლებელი იქნება, რომ გაითვალისწინოს. ჩვენ ვართ ღია პროცესის მომხრე. არა კულუარული, არამედ ღია პროცესის და ღია წერილებიც სწორედ ამის დასტურია,” – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.