მიხეილ სააკაშვილმა შეიარაღებულ ძალებს არ მისცა საშუალება, ემოქმედათ პროფესიონალურად, ვინაიდან ის, სხვებს შორის, აყოვნებდა დამტკიცებული გეგმის მიხედვით მოქმედების დაწყებას, – ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარლამენტში წარადგინა.
დასკვნის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის გამოკითხულ პირთა მიერ ცნობებიდან ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა.
„საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ცნობებიდან ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც, გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს. ამასთან, საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ, პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით, ძირითად მიმართულებაზე სამხედრო ამოცანის შესრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამაც თავდაცვის ძალებში – დეზორიენტაცია და დეზორგანიზაცია, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობაში გაურკვევლობა და დაუცველობა გამოიწვია. გენერალ მამია ბალახაძის თქმით, ვინაიდან ძირითად მიმართულებაზე ამოცანის შესასრულებლად ორი სხვადასხვა სისტემის დანაყოფები დაიძრნენ, გაურკვეველი დარჩა, ვინ იძლეოდა ბრძანებებს – შინაგან საქმეთა თუ თავდაცვის სამინისტრო. გეგმის განხორციელებაში ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩართულნი აღმოჩნდნენ ისეთი შენაერთები და პირები, რომლებსაც ცოდნა და მომზადება სრულიად განსხვავებული ფუნქციების განსახორციელებლად ჰქონდათ მიღებული და, თუნდაც ერთობლივი სწავლებების გზით, თავსებადობის არავითარი ტესტი წინასწარ გავლილი არ ჰქონდათ.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა შეიარაღებულ ძალებს არ მისცა საშუალება, ემოქმედათ პროფესიონალურად, ვინაიდან ის, სხვებს შორის, აყოვნებდა დამტკიცებული გეგმის მიხედვით მოქმედების დაწყებას. აღიქვამდა რა საომარ მოქმედებებს პიარკამპანიად, „ნაციონალური მოძრაობა“ ღია ეთერით გადასცემდა ქართული ჯარის მოქმედებების შესახებ ინფორმაციას და მტერს ცეცხლის კორექტირების საშუალებას აძლევდა, რაც საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხული თითოეული სამხედრო პირის მიერ ზურგიდან ხელშეშლად და ყოვლად დაუშვებლად იქნა მიჩნეული. გარდა იმისა, რომ სატელევიზიო სივრცეში სისტემატურად ჰქონდა ადგილი რუსეთის წინაშე ქართული სამხედრო პოზიციების „გაშიშვლებას“ პირდაპირი ეთერით, მიმდინარეობდა კონფლიქტის ზონაში დარჩენილი მოსახლეობის დეზინფორმაცია არაკომპეტენტურად მომზადებული სიუჟეტებითა და ტოტალური სიცრუის გავრცელებით იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება კონფლიქტის ზონაში ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა და საერთაშორისო მეგობრები არ დაუშვებდნენ ქვეყანაში კატასტროფას და შეაჩერებდნენ რუსეთის აგრესიას. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებულმა მედიამ განსაკუთრებით აქტიური როლი შეასრულა კატასტროფული შედეგების მქონე წაგებული ომის „გამარჯვებად“ გასაღებაში. ზემომოყვანილმა და სხვა გარემოებებმა ერთობლიობაში განაპირობა სამდღიანი ომი, მარცხი, დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ, დევნილთა რიცხვის ზრდა, გაუმართლებელი მსხვერპლი როგორც შეიარაღებულ ძალებში, ასევე სამოქალაქო მოსახლეობაში და მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ მანამდე ოკუპირებულ 363 დასახლებულ პუნქტს 111 ოკუპირებული დასახლებული პუნქტი შეემატა. რუსეთის ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა მანამდე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი კოდორის ხეობაც. როგორც საგამოძიებო კომისიის წინაშე შინდისის ბრძოლის გმირის ძმამ, ფრიდონ ზოიძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გადმოსვენებაში მონაწილეობა არ მიიღო და არაერთი ცხედარი ბრძოლის ველზე რჩებოდა. როგორც საყოველთაოდ ცნობილია, მათი გადმოსვენება მოხდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია ΙΙ-ის მიერ მას შემდეგ, რაც ის, მეუფეებსა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, ცხინვალის რეგიონში შევიდა და გარდაცვლილთა ცხედრებს უპატრონა“, – ნათქვამია კომისიის დასკვნაში.
დასკვნის თანახმად, საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად საბოლოოდ დადგინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, სულ ცოტა, 2008 წლის ივლისის ბოლოდან იცოდა, რომ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა უმაღლეს ნიშნულზე იყო, მაგრამ არავითარი ზომა არ მიიღო, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა საომარი არეალიდან დროულად გამოეყვანა.
„მეტიც, როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მოსახლეობის დროული ევაკუაცია რეჟიმის მიზანს არ წარმოადგენდა. მოგვიანებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, გიორგი კანდელაკმა, დავით დარჩიაშვილმა, გიორგი (გოკა) გაბაშვილმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ გიორგი თარგამაძემ ხმა მისცეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1633 რეზოლუციას, რითიც 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით „ცხინვალის დაბომბვა“ აღიარეს და საკუთარი ქვეყნის ჯარი ომის შესაძლო დანაშაულის ჩადენაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს“, – აღნიშნულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.