აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, დონალდ ტრამპმა გასცა დავალება, რომ აშშ-ის არმია რუსეთის და ჩინეთის შეკავებისთვის მოამზადონ. ამის შესახებ ჰეგსეტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც პიტ ჰეგსეტი აცხადებს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობამ ხელი შეუწყო რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებასა და აშშ-ის პოზიციების შერყევას მსოფლიოში.
„პრეზიდენტმა ტრამპმა თავდაცვის დეპარტამენტს დაავალა, მზად იყვნენ ჩვენი შეიარაღებული ძალების ისტორიული გზით გადაწყობისთვის, რათა აღდგეს საბრძოლო სული და აღდგეს შეკავება“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
მისივე თქმით, ვაშინგტონი არ მიისწრაფვის კონფლიქტისკენ, მაგრამ ვალდებულია, უზრუნველყოს ყველა აუცილებელი საშუალება ამერიკელების დასაცავად.
„ჩვენ ეს მკაფიოდ გავაგებინეთ ჩინეთს, რუსეთს და სხვებს, მზადყოფნა ახდენს ომის პრევენციას. ძალა იძლევა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიას. სამხედრო აღლუმები ნორამლურია, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს სამხედრო კონფლიქტებში“, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
როგორც ჰეგსეტმა აღნიშნა, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს აშშ-ის უპირატესობის შენარჩუნება კოსმოსში, ჰაერში, ზღვასა და წყალქვეშ. ამასთან, ჰეგსეტმა ახსენა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „ოქროს გუმბათი“, რომლის მსგავსის შექმნაც ჩინეთს ჯერ არ შეუძლია.