თუკი რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგება, აშშ-მა, შესაძლოა, წამყვანი როლი იკისროს უკრაინის შიგნით არსებული ბუფერული ზონის მონიტორინგში, რომელიც ქვეყნის რუსეთისგან დაცვის მიზნით არის გათვალისწინებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბუფერული ზონა იქნება უზარმაზარი დემილიტარიზებული ტერიტორია, რომლის საზღვრები ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ის განთავსდება უკრაინის ტერიტორიაზე და ქვეყნის შიგნით გაყოფს რუსულ და უკრაინულ ტერიტორიებს“, – წერს NBC News-ი.
„ნაწილობრივ თავისი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამო, აშშ ლიდერობას იკისრებდა ბუფერული ზონის მონიტორინგში. ამისთვის ის გამოიყენებდა დრონებს, სატელიტებსა და სხვა სადაზვერვო შესაძლებლობებს, თუმცა ამ საქმიანობას სხვა დამკვირვებელ ქვეყნებთანაც კოორდინაციაში განახორციელებდა“, – ნათქვამია სტატიაში.
ინფორმირებული წყაროების თქმით, ბუფერული ზონის უზრუნველყოფა შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე არანატოს წევრი ქვეყნის ჯარების მიერ, მაგალითად, საუდის არაბეთის ან ბანგლადეშის. მათივე განცხადებით, ამ გეგმის მიხედვით, ამერიკელი ჯარისკაცები უკრაინის ტერიტორიაზე არ განთავსდებიან.