დიდ ბრიტანეთში პოლიციამ ტერორიზმის წინააღმდეგ მიღებული კანონების საფუძველზე რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა.
მოქალაქეები დემონსტრაციას მართავდნენ პროპალესტინური ჯგუფის, Palestine Action-ის მხარდასაჭერად, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და აკრძალა.
ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ლონდონის ცენტრში, პარლამენტთან ახლოს, რათა პროტესტი გამოეხატათ აკრძალვის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეების ნაწილს ეკავათ პლაკატი წარწერით: „ვეწინააღმდეგები გენოციდს. მე ვუჭერ მხარს Palestine Action-ს“.
ბრიტანეთის ხელისუფლებამ ჯგუფი Palestine Action 2025 წლის ივლისში აკრძალა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამ ჯგუფის წევრებმა შეაღწიეს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე და სამხედრო თვითმფრინავები დააზიანეს.
ეს ჯგუფი ბრიტანეთის ხელისუფლებას ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჩადენილ ომის დანაშაულებში თანამონაწილეობაში ადანაშაულებს.
ბოლო კვირებში პოლიციამ Palestine Action-ის ასობით მხარდამჭერი დააკავა. მათ შორის მხოლოდ გასულ თვეში ერთ დღეში 500-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, ბევრი მათგანი 60 წელს გადაცილებული იყო.
Palestine Action-ის აკრძალვამ, ეს ჯგუფი ისეთ ორგანიზაციებთან ჩააყენა ერთ რიგში, როგორებიცაა, „ალ-ქაიდა“ და „ისლამური სახელმწიფო“. ორგანიზაციის მხარდაჭერა ან მისი წევრობა სასჯელის სახით 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა გააკრიტიკეს ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ჯგუფის აკრძალვას არაპროპორციული უწოდეს და აღნიშნეს, რომ ის ზღუდავს მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლებას.
ბრიტანეთის მთავრობა კი Palestine Action-ს ადანაშაულებს მილიონობით გირვანქა სტერლინიგის ოდენობით ზარალის მიყენებაში და აცხადებს, რომ ამ ჯგუფის აკრძალვა არ ზღუდავს სხვა პროპალესტინური დემონსტრაციების გამართვას.