რუსეთის მასშტაბური შეტევის შედეგად, უკრაინაში ოთხი ადამიანი დაიღუპა და 44-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სამაშველო და საგანგებო სამსახურები აგრძელებენ მუშაობას.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. ლიდერები დიპლომატიური ნაბიჯებსა და უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად ახალ ზომებზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ შევათანხმეთ ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა, შემდგომი ნაბიჯები და პარტნიორებთან კონტაქტები შესაბამისი რეაგირების უზრუნველსაყოფად. საფრანგეთთან ერთად ვამზადებთ ახალ ზომებს ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 7 სექტემბრის ღამით რუსეთმა მასშტაბური კომბინირებული იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე დამრტყმელი დრონებისა და სახმელეთო ბაზირების რაკეტების გამოყენებით.
საჰაერო თავდაცვამ გააუვნებელყო 823 საჰაერო სამიზნიდან 751, ცხრა რაკეტამ და 54 დრონმა სამიზნეს მიაღწია 33 ლოკაციაზე.