რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ჩამოვიდა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირი, უნდა ვეძებოთ გლობალურად მიმდინარე იმ შეთქმულების წიაღში, რომელიც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ხორციელდება, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, ეუთო/ოდირი არის ყველაზე პრესტიჟული სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელსაც რადიკალებმა უნდობლობა გამოუცხადეს, ამიტომაც თვითმმართველობის არჩევნებზე მათი სადამკვირვებლო მისია აღარ ჩამოვიდა.
„ეუთო/ოდირის ეს უარი მმართველ გუნდს არ გაჰკვირვებია და მათ შორის ვიყავი მეც. ეს ყველაფერი კი უკავშირდება იმას, რომ როცა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თავისი დასკვნა გამოაქვეყნა ეუთო/ოდირმა, ჩვენს მოწინააღმდეგეებს, მათ შორის, უცხოელებს, ეს არ მოეწონათ. მათ რატომღაც ეგონათ, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებდა და ქართველი ხალხი მშვიდობას არ აირჩევდა, ეუთო/ოდირის დასკვნით კი ყველა ცრუ ნარატივს წერტილი დაესვა. შედეგად, რადიკალების გეგმები, რომელიც არჩევნების შემდეგ საბოტაჟის მოწყობას უკავშირდებოდა, წყალში ჩაიყარა. თუმცა, ეუთო/ოდირის დასკვნის მიუხედავად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მაინც მოგვთხოვეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, [რითაც შეურაცხყოფა მიაყენეს ეუთო/ოდირის დასკვნას].
ახლაც, თვითმმართველობის არჩევნებზე გადავწყვიტეთ, რომ დამკვირვებლად ისევ ეუთო/ოდირი მოგვეწვია, მაგრამ, მათ ამ ეტაპზე არჩიეს, არ ჩამოსულიყვნენ, რადგან, ჩამოსვლის შემთხვევაში, იძულებულები გახდებოდნენ, კვლავ დადებითი დასკვნა დაეწერათ, [რითაც რადიკალების მხრიდან მორიგი თავდასხმის ობიექტები გახდებოდნენ]. ამ უარით კი ეუთო/ოდირმა ხელები დაიბანა – მე თავი დამანებეთ და თქვენს საქმეს თავად მიხედეთო. წარმოიდგინეთ, ეუთო/ოდირი არის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაცია და მას ეუბნებოდნენ – არ გვჯერა თქვენი დასკვნებისო.
ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად სხვა, საერთაშორისო დამკვირვებლები მაინც ჩამოვლენ, რომლებიც ცესკოში უკვე დარეგისტრირებულები არიან და კიდევ დარეგისტრირდებიან სხვებიც, რომელთა სიტყვაც არანაკლებ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.