უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი გეგმავს უცხოეთში გარკვეული სახის იარაღის, მათ შორის საზღვაო დრონების გაყიდვას, რათა უკრაინაში სამხედრო წარმოება დააფინანსოს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
„უკრაინა დასავლური ფინანსებისა და იარაღის მიწოდებაზეა დამოკიდებული, თუმცა მან საკუთარი სამხედრო წარმოებაც განავითარა, განსაკუთრებით კი დრონების მიმართულებით“, – წერს ფრანგული ტელეარხი BFMTV.
ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს იარაღის ისეთი ტიპები, რომლებიც ქვეყანას საჭიროზე გაცილებით მეტი რაოდენობით აქვს. მან ამ კატეგორიაში საზღვაო დრონები, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება და სხვა ტიპის იარაღი დაასახელა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „კონტროლირებადი ექსპორტი“ უკრაინას საშუალებას მისცემს, საკუთარ ტერიტორიაზე სხვა ტიპის შეიარაღების წარმოება დააფინანსოს.
ზელენსკიმ პოტენციურ საექსპორტო მიმართულებებად დაასახელა შეერთებული შტატები, ევროპული ქვეყნები და სხვა პარტნიორები მთელ მსოფლიოში, რომლებიც „ასევე დაინტერესებულნი არიან უკრაინული იარაღით და რომელთაგანაც უკრაინამ სხვადასხვა სახის მხარდაჭერა მიიღო“.