ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც 22 სექტემბერს გაიმართება, ათი დასავლური ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ განცხადებას გააკეთებს. ეს ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა.
საფრანგეთთან ერთად, პალესტინას აღიარებენ შემდეგი ქვეყნები: ანდორა, ავსტრალია, ბელგია, კანადა, ლუქსემბურგი, პორტუგალია, მალტა, სან-მარინო, გაერთიანებული სამეფო.
ამ ნაბიჯის ინიციატორები საფრანგეთი და საუდის არაბეთი არიან, რომლებიც ერთობლივად უმასპინძლებენ სპეციალურ შეხვედრას.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ოფიციალურად გამოაცხადებს პალესტინის აღიარების შესახებ ორშაბათს, ნიუ-იორკის დროით დაახლოებით 15:00 საათზე (თბილისის დროით 23:00 საათზე).
ეს განცხადება გაკეთდება კონფერენციაზე, რომელსაც ის საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანთან ერთად უხელმძღვანელებს. ელისეის სასახლის ცნობით, მუჰამედ ბინ სალმანი შეხვედრას ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩაერთვება.