როგორც კი თქვენ თქვით, რომ არ გსურდათ იყოთ საზარბაზნე ხორცი, გამოგიცხადეს, რომ ცუდები ხართ, მე არ ვეთანხმები ჩემი ქვეყნის ამ პოზიციას, საქართველოს ლატვიისთვის არაფერი დაუშავებია, – განაცხადა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლატვიელმა პოლიტიკოსმა, პარტია „სტაბილურობისთვის“ დამფუძნებელმა ალექსეის როსლიკოვსმა.
მან საქართველოს მიმართ ლატვიის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც განაცხადა, რომ მზად არის მეგობრობისთვის, მაგრამ გარკვეული პირობებით.
„საქართველო მოსალოდნელ გამოწვევას შეეტაკა, როგორც კი გამოავლინეთ ხასიათი, როგორც კი განაცხადეთ, რომ მზად ხართ მეგობრობისთვის, მაგრამ გარკვეული პირობებით, აი სწორედ აქ დაიწყო პრობლემების წყება. თქვენ, როგორც ძირძველ ერს, არ გსურთ გაუგებარ ყალიბში მოქცევა და სწორედ ამიტომაც გესხმიან გამწარებულები თავს. თქვენ, ჩვენი ქვეყნის სტუმარი იმსახურებთ მასპინძლობას, მაგრამ საზღვარზე მიზანმიმართულად შეგაჩერეს, ქვეყანაში შემოსვლას გიკრძალავდნენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ქვეყნიდან ხართ რომელიც ლატვიას ახლა გულზე არ ეხატება.
მე მუდამ ვამბობ, რომ ევროპა ფურცელზე, რეალური ევროპისგან როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება. თქვენ გიყვებიან ევროპაში დიდ პენსიაზე, იაფ მედიკამენტებზე, ხელმისაწვდომ მკურნალობაზე, მსოფლიოში საუკეთესო განათლების სისტემაზე, რომ თქვენ ჩიტის რძე არ მოგაკლდებათ და მაინც სად არის ჩემს მიერ ჩამოთვლილი, აქ ევროპაში? უკვე 20 წელია ევროკავშირში ვართ, სკოლები და საავადმყოფოები დაიკეტა, რამდენიმეწლიანი რიგებია ექიმებთან.
წელს, ლატვიის სეიმმა, ლატვიის საკანონმდებლო ორგანომ, გააუქმა საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფი, საინტერესოა თუ რატომ? ვისაუბროთ ღიად, თქვენი გამოყენება სურდათ, როგორც ავტომობილის ბამპერის, სურდათ თქვენი ავტომობილზე მიბმა და 120 კილომეტრი საათში სიჩქარით რუსეთზე შეჯახება, ეს იყო და სხვა ვერსია შეუძლებელია. როგორც კი თქვენ თქვით, რომ არ გსურდათ იყოთ საზარბაზნე ხორცი, გამოგიცხადეს, რომ ცუდები ხართ, მე არ ვეთანხმები ჩემი ქვეყნის ამ პოზიციას, საქართველოს ლატვიისთვის არაფერი დაუშავებია“, – დასძინა როსლიკოვსმა.