დღეს თქვენთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, უკვე მეორედ დამაკავეს, პოლიციამ წამართვა ტელეფონი, პირდაპირ ქუჩაში გაჩხრიკეს ჩემი ავტომობილი, და რატომ? მათი მიზანია ჩემზე ზეწოლა, სანამ არ შევწყვეტ ჩემს საქმიანობას ან ქვეყნიდან არ გამაქცევენ, მშვენიერი არჩევანია პირდაპირ, – განაცხადა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლატვიელმა პოლიტიკოსმა, პარტია „სტაბილურობისთვის“ დამფუძნებელმა ალექსეის როსლიკოვსმა. მან „იმედის კვირას“ განუცხადა, რომ ლატვიის ხელისუფლება მას და მის თანაპარტიელებს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის.
„რაც უფრო თავისუფალი ხარ, რაც უფრო ძლიერია შენი სუვერენიტეტი, რაც უფრო გიყვარს შენი დროშა და მთა ბარი, ენა, ჰიმნი და წინაპრები, უფრო მეტად მიუღებელი ხარ, არავის და არაფერს უნდა წარმოადგენდე, უსამშობლო უნდა იყო“, – აღნიშნა როსლიკოვსმა.
ევროკავშირში ლატვიელმა პოლიტიკოსმა ქვეყნის გაწევრიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს მოუწევს, განსაზღვრულ წესებს დაემორჩილოს.
„დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ უბრალო მომხმარებლებად გაქცევენ, როგორც ეს ჩვენ გაგვიკეთეს, წარმოებას დახურავენ, შემოიღებენ განსაზღვრულ წესებს, რომელთაც უნდა დაემორჩილოთ, ქართველებს მოგიწევთ ფრანგული ღვინით ქეიფი, გაიძულებენ, რომ ქართული ღვინის წარმოება მკაცრად განსაზღვრულ კვოტებში მოექცეს. ევროკავშირი, რომელიც თავის დროზე შეიქმნა ურთიერთსარგებლის მიღების მიზნით, იქცა დათქმების, ვალდებულებების და შეზღუდვების კავშირად.
ჩვენ იმ ევროკავშირში შევედით, რომელსაც უფრო დიდი, მდიდარი და თავისუფალი უნდა გავეხადეთ და ვხედავთ, რომ სახელმწიფოს საფუძველი გვეცლება ხელიდან და სწორედ ეს გახლავთ კიდევაც ევროკავშირის მიზანი, არავითარი საზღვრები, არავითარი დროშა, არავითარი კუთვნილება ერისადმი და მშობლიური მიწისადმი. ახალგაზრდებს აჯერებენ, რომ ეს არის თავისუფლება“, – განმარტა ალექსეის როსლიკოვსმა.
ალექსეის როსლიკოვსმა ლატვიის საქართველოსადმი დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.
„საქართველო მოსალოდნელ გამოწვევას შეეტაკა, როგორც კი გამოავლინეთ ხასიათი, როგორც კი განაცხადეთ, რომ მზად ხართ მეგობრობისთვის, მაგრამ გარკვეული პირობებით, აი სწორედ აქ დაიწყო პრობლემების წყება. თქვენ, როგორც ძირძველ ერს, არ გსურთ გაუგებარ ყალიბში მოქცევა და სწორედ ამიტომაც გესხმიან გამწარებულები თავს. თქვენ, ჩვენი ქვეყნის სტუმარი იმსახურებთ მასპინძლობას, მაგრამ საზღვარზე მიზანმიმართულად შეგაჩერეს, ქვეყანაში შემოსვლას გიკრძალავდნენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ქვეყნიდან ხართ რომელიც ლატვიას ახლა გულზე არ ეხატება.
მე მუდამ ვამბობ, რომ ევროპა ფურცელზე, რეალური ევროპისგან როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება. თქვენ გიყვებიან ევროპაში დიდ პენსიაზე, იაფ მედიკამენტებზე, ხელმისაწვდომ მკურნალობაზე, მსოფლიოში საუკეთესო განათლების სისტემაზე, რომ თქვენ ჩიტის რძე არ მოგაკლდებათ და მაინც სად არის ჩემს მიერ ჩამოთვლილი, აქ ევროპაში? უკვე 20 წელია ევროკავშირში ვართ, სკოლები და საავადმყოფოები დაიკეტა, რამდენიმეწლიანი რიგებია ექიმებთან.
წელს, ლატვიის სეიმმა, ლატვიის საკანონმდებლო ორგანომ, გააუქმა საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფი, საინტერესოა თუ რატომ? ვისაუბროთ ღიად, თქვენი გამოყენება სურდათ, როგორც ავტომობილის ბამპერის, სურდათ თქვენი ავტომობილზე მიბმა და 120 კილომეტრი საათში სიჩქარით რუსეთზე შეჯახება, ეს იყო და სხვა ვერსია შეუძლებელია. როგორც კი თქვენ თქვით, რომ არ გსურდათ იყოთ საზარბაზნე ხორცი, გამოგიცხადეს, რომ ცუდები ხართ, მე არ ვეთანხმები ჩემი ქვეყნის ამ პოზიციას, საქართველოს ლატვიისთვის არაფერი დაუშავებია“, – დასძინა როსლიკოვსმა.
ლატვიელმა პოლიტიკოსმა ევროკავშირის მომავალიც განიხილა და აღნიშნა, რომ ამ კავშირს დიდი დღე არ უწერია.
„დღევანდელი ევროკავშირის პოლიტიკა არ გახლავთ განვითარებისკენ მიმართული, ევროკავშირს დიდი დღე არ უწერია, ნებისმიერი იმპერია ინგრევა ადრე თუ გვიან, ეს გარდაუვალია, მოვიდა დასასრული, ამ დასასრულის გახანგრძლივება კი მხოლოდ ომით, აგრესიით და კონფლიქტით შეიძლება, ყველაფერი, რასაც ასე წარმატებით ართმევენ თავს ევროპაში“, – აღნიშნა ალექსეის როსლიკოვსმა.