ჩვენ პოლიტიკური ან სხვა რაიმე ნიშნით არ ვარჩევთ ერთმანეთისგან ბიზნესმენებს, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიზნესის მიმართ სრული მხარდაჭერა იქნება.
„ნებისმიერი ბიზნესმენის მიმართ, რომელიც კანონის საფუძველზე შემოიტანს წინადადებებს, ყველას მიმართ იქნება სრული მხარდაჭერა. არის უამრავი ბიზნესმენი, მათ შორის, რომელიც პირდაპირ გამოხატავს მხარდაჭერას ოპოზიციის მიმართ. მათ მიმართაც არის დამოკიდებულება აბსოლუტურად თანასწორი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. ჩვენ პოლიტიკური ან სხვა რაიმე ნიშნით არ ვარჩევთ ერთმანეთისგან ბიზნესმენებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს, რატომ დატოვა ბიზნესმენმა ნოშიკო ნამორაძემ საქართველო, რაზეც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ბიზნესმენი შეიძლება, ბრიტანეთში წავიდეს, შეიძლება, დაბრუნდეს, ეს ჩვეულებრივი საქმეა.
„რაც შეეხება უშუალოდ ნოშიკო ნამორაძეს, მე მასთან მაქვს პირადი ურთიერთობა, მათ შორის კომუნიკაციაც მქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ. კაცი ბიზნესმენია, შეიძლება ბრიტანეთში წავიდეს, შეიძლება დაბრუნდეს, ეს ჩვეულებრივი საქმეა. ეს მე არ ვიცი, ეს არ არის ჩემი უფლებამოსილება, რომ ვაკონტროლო ვინ სად წავა. ეს არის ბიზნესმენის საქმე. ნებისმიერი ბიზნესის მიმართ სახელმწიფო გამოხატავს მხარდაჭერას, მათ შორის ნოშიკო ნამორაძის მიმართაც სახელმწიფო იქნება სრულად მხარდამჭერი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.