აშშ-ში საიმიგრაციო სამსახურის აგენტების ქმედებებმა რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გამოიწვია, ინციდენტები მოხდა ნიუ იორკში, ჩიკაგოსა და ბოსტონში, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
კერძოდ, ნიუ იორკში საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლოს დერეფანში დააკავეს ქალი, როდესაც ის აგენტებს სთხოვდა მისი ქმარი არ წაეყვანათ. ერთ-ერთმა აგენტმა მას ხელი ჰკრა და იატაკზე დააგდო, რაც ვიდეოკამერებმაც დააფიქსირა. ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა აღნიშნული თანამშრომელი დროებით გათავისუფლდა და გამოძიება დაიწყო.
ჩიკაგოში იმიგრანტების ცენტრთან გამართული საპროტესტო აქცია საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა ცრემლსადენი აირის, წიწაკის სპრეისა და ხმოვანი ყუმბარების გამოყენებით დაშალეს. სამართალდამცავები ამტკიცებენ, რომ დემონსტრანტები ცდილობდნენ საიმიგრაციო ცენტრის შესასვლელი ჭიშკარი დაებლოკათ და ცენტრის ტერიტორიაზე შეეღწიათ.
ბოსტონში ფედერალურმა აგენტებმა დაზიანება მიაყენეს აშშ-ში ლეგალური ცხოვრების მქონე გვატემალელ ქალს. მისი დაკავების დროს აგენტებმა ავტომობილის შუშები ჩაამსხვრიეს. ქალმა დაზიანება მხრისა და ზურგის არეში მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „როიტერი“ წერს, ინციდენტები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფონზე ხდება. სააგენტოს ცნობით, ხშირია შემთხვევები, როდესაც საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლები აკავებენ ადამიანებს, რომელთაც კრიმინალური წარსული არ აქვთ, რაც უფლებადამცველების მხრიდან კრიტიკის საგანი ხდება.
ტრამპის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსები მიუთითებენ, რომ საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს ხშირ შემთხვევაში ნიღბები უკეთიათ, რაც მათ იდენტიფიცირებას და, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივ დასჯას ართულებს.
საპასუხოდ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ნიღბები აუცილებელია აგენტების თავდასხმებისგან დასაცავად.