აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის აგენტები ნიუ-იორკში, ფედერალურ პლაზაში მდებარე მიგრაციის სასამართლოს შენობაში, ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, – ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ წერს.
მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ესხმიან ჟურნალისტებს აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის აგენტები.
როგორც თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, ინციდენტის დროს დაშავებული მათი მთავარი ოპერატორია, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა.
„ვურალ ელიბოლი თავის დარტყმის შემდეგ ვერ მოძრაობდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. აგენტებმა ელიბოლს უთხრეს „ლიფტიდან გადმოსულიყო“, მაგრამ ელიბოლი ამ დროს უკვე ლიფტის გარეთ იყო“, – წერს „ანადოლუ“.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ნიუ იორკში საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლოს დერეფანში დააკავეს ქალი, როდესაც აგენტებს სთხოვდა მისი ქმარი არ წაეყვანათ. ერთ-ერთმა აგენტმა მას ხელი ჰკრა და იატაკზე დააგდო, რაც ვიდეოკამერებმაც დააფიქსირა. ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა აღნიშნული თანამშრომელი დროებით გათავისუფლდა და გამოძიება დაიწყო. აშშ-ში საიმიგრაციო სამსახურის აგენტების ქმედებებმა რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გამოიწვია. ჩიკაგოში იმიგრანტების ცენტრთან გამართული საპროტესტო აქცია საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა ცრემლსადენი აირის, წიწაკის სპრეისა და ხმოვანი ყუმბარების გამოყენებით დაშალეს.