ფილიპინების ცენტრალურ პროვინციაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას, სულ მცირე 69 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ადგილობრივი დროით, დაახლოებით საღამოს 10 საათზე მოხდა. მათივე განმარტებით, ქალაქ ბოგოსა და სებუს პროვინციის მიმდებარე სოფლებში, მიწისძვრის შედეგად, დაუდგენელი რაოდენობის მაცხოვრებლები დანგრეულ სახლებში, ღამის კლუბებსა და სხვა შენობებში ჩაიკეტნენ.
მედიის ინფორმაციით, ოთხშაბათს მაშველებმა სასწრაფოდ დაიწყეს გადარჩენილების სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. მათ არმია, პოლიცია და სამოქალაქო მოხალისეები, სპეცტექნიკა და მეძებარი ძაღლები ეხმარებიან.
ცნობისთვის, ბოგოში დაახლოებით 90 000 ადამიანი ცხოვრობს.
ოფიციალური პირების თქმით, გარდაცვლილთა დაახლოებით ნახევარი სწორედ იქ იპოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ბოგოში დაღუპულთა რიცხვის ზრდაა მოსალოდნელი, რადგან წვიმები, დაზიანებული ხიდები და გზები, სამაშველო სამუშაოებს აფერხებს.