დანიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დანიის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი დრონების გამოჩენა მხოლოდ დასაწყისია და ვითარება გაუარესდება.
აღნიშნულის შესახებ დანიის მთავრობის მეთაურმა, მეტე ფრედერიქსენმა დანიურ მედიასთან და „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, აუცილებელია, ევროპამ უფრო ღრმა დისკუსია გამართოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი ახალი ვითარების შესახებ და იმსჯელოს პასუხზე, რომელიც არსებულ საფრთხეებს უნდა გაეცეს.
ფრედერიქსენმა აღნიშნა, რომ ევროპაში შექმნილი მდგომარეობა მეოცე საუკუნის ომებს შორის პერიოდს აგონებს. მისი განცხადებით, ევროპა ორი გამოწვევის წინაშე დგას – „რეალური ომი“ უკრაინაში და ახალი, უფრო მასშტაბური ჰიბრიდული ომი, რომელიც ევროპის წინააღმდეგაა მიმართული.
„ჰიბრიდული ომის იდეა იმაშია, რომ ჩვენ დაგვემუქრონ, დაგვყონ, ჩვენი დესტაბილიზაცია მოახდინონ. ერთ დღეს დრონები, მეორე დღეს კიბერთავდასხმები, მესამე დღეს საბოტაჟი – ამას მხოლოდ შესაძლებლობების გაძლიერებით ვერ დავასრულებთ“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.
დღეს კოპენჰაგენში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი გაიმართება, 2 ოქტომბერს კი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი. ევროკავშირის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე დანიაში რამდენჯერმე დააფიქსირეს ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატები, მათ შორის დანიის უდიდეს ავიაბაზასთან. ამ ფონზე დანიამ რამდენიმე დღით სრულად აკრძალა საკუთარ საჰაერო სივრცეში დრონების ფრენა. კოპენჰაგენში დაგეგმილი სამიტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დანიის ხელისუფლებას მხარდაჭერა შესთავაზე საფრანგეთმა, გერმანიამ, პოლონეთმა, შვედეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინამ და აშშ-მა.