აშშ უკრაინას რუსეთის სიღრმეში ენერგოობიექტებზე დარტყმებისთვის საჭირო სადაზვერვო ინფორმაციას გაუზიარებს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის ასეთი დახმარების გაწევის ნებართვა ამერიკულ სპეცსამსახურებსა და პენტაგონს მისცა. ამასთან, ვაშინგტონმა იგივეს გაკეთებისკენ ნატოელ მოკავშირეებსაც მოუწოდა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ამერიკელი ჩინოვნიკები საჭირო ინფორმაციის გაზიარების დაწყებისთვის თეთრი სახლიდან წერილობით მითითებებს ელიან.
გაზეთის წყაროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია პირველად დაეხმარება უკრაინას რუსეთის სიღრმეში განლაგებულ ენერგოობიექტებზე დარტყმების განხორციელებაში.
WSJ აღნიშნავს, რომ აშშ დიდი ხანია ეხმარება უკრაინას დრონებითა და რაკეტებით დარტყმების განხორციელებაში, თუმცა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება კიევს დარტყმების ეფექტიანობის გაზრდაში დაეხმარება.
The Wall Street Journal წერს, რომ ახლა აშშ უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ და „ბარაკუდას“ ტიპის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს.