ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი უკრაინის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კიევის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ დისკუსიები 1 ოქტომბერს აშშ-ის მიერ მთავრობის მუშაობის დროებითი შეჩერების შემდეგ გაიყინა.
გამოცემის ცნობით, შესაძლოა, „ოდნავ დაზარალდეს“ ასევე ყველა სამომავლო პროექტი, მათ შორისაა მილიარდი დოლარის ღირებულების დრონების შესახებ შეთანხმება.
„ასეულობით ათასი ფედერალური მოსამსახურე უხელფასო შვებულებაში გაუშვეს მას შემდეგ, რაც „დემოკრატებმა“ და „რესპუბლიკელებმა“ სახელმწიფო ხარჯების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ მოლაპარაკებების ბედი გაურკვეველია“, – წერს გამოცემა უკრაინის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით.
უკრაინის რამდენიმე დელეგაციას სხვადასხვა საკითხზე დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებთან. ახლა ისინი ცვლიან თავიანთ გეგმებს მომდევნო კვირებისთვის, წერს The Telegraph-ი.
„შეშფოთების მთავარ საგანს წარმოადგენს ის, რომ ჩვენ იარაღის სამომავლო მიწოდებებზე აქტიურად ვმსჯელობდით. ყველა მომავალი პროექტი ცოტათი დაზარალდება, რადგან პენტაგონის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის წარმომადგენლები არ გვხვდებიან, ხოლო ჩვენ „შათდაუნის“ გამო დროს ვკარგავთ“, – ამბობს წყარო უკრაინის მთავრობიდან.