ჩვენი ინსტიტუციის ფუნდამენტური, მთავარი ვალდებულება არის, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში არჩევნების ადმინისტრირება უზრუნველვყოთ, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, რაც უშუალოდ კენჭისყრის ოთახში ხორციელდება, მაგრამ მის მიღმა, ან თუნდაც შიგნით შეიძლება, ისეთი ქმედება მოხდეს, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებს აღემატება და ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების რეაგირება, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ უკვე კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა, შს სამინისტროსთან ყოველი საერთო არჩევნების წინ მემორანდუმის გაფორმება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობის, ისევე, როგორც უსაფრთხოების მიზნით პრევენციული ზომების მიღებისთვის, ან კონკრეტული ფაქტების არსებობის შემთხვევაში სათანადო ოპერატიული რეაგირების განხორციელების მიზნით ჩვენ ვთანხმდებით ამ თანამშრომლობაზე, რა მიზნითაც იქნება ინფორმაციის მიმოცვლა, მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა, რათა ყველა ასეთი შემთხვევა, თუკი სადმე რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ექნება ადგილი და ის სცდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას, იყოს დროული რეაგირება, რათა ერთი მხრივ, აღმოიფხვრას, მეორე მხრივ კი, სადაც იქნება სათანადო რისკები, იყოს პრევენცირებული და მინიმუმამდე დაყვანილი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ სიებზე, რომელიც სავარაუდოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების სიებია, რასთან გვაქვს საქმე და არის თუ არა საჯარო სპეცსიები, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ რაც გავრცელდა, ნახა, მაგრამ საიდან იყო ეს ინფორმაცია დამუშავებული, ვინ გაიტანა, როგორ და ასე შემდეგ, ეს ცესკო-ს მოკვლევის და შეფასების საგანს არ წარმოადგენს.