უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიციის მიუხედავად ევროკავშირის წევრი გახდება.
„უკრაინა იქნება ევროკავშირში, ორბანთან ან მის გარეშე, იმიტომ რომ ეს უკრაინელი ხალხის არჩევანია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი აგრეთვე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, გადაწყვეტილებების მიღების პროცედურა შეცვალოს, რათა ევროკავშირის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად აღარ მიიღებოდეს.
„პროცედურების შეცვლა ნიშნავს გამოსავლის ძიებას უნგრეთის გარეშე. როცა უმეტესობა, ყველა ქვეყანა უნგრეთის გარდა უკრაინას მხარს უჭერს, მათ უკეთესად იციან, როგორ არის საჭირო“, – დასძინა მან.
ზელენსკიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინამ ყველა ტექნიკური მოთხოვნა შეასრულა, რათა ბრიუსელმა კიევს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაუხსნას.