ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
როგორც გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, 2026 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 5,0%-ის ოდენობითაა დაგეგმილი, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს.
პროექტის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი 4%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 3,0%-ია.
მომხსენებლის თქმით, საშუალო ინფლაციის პროგნოზი 2026 წელს 3,6%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%). გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 110,5 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 10 900 დოლარს აჭარბებს.
როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები პროგნოზირებულია 26,8 მილიარდი ლარის ოდენობით იმ გათვლით, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 2,5% იქნება.
მისივე განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მილიარდ ლარს შეადგენს.
2026 წლის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ:
საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 8 970,0 მილიონი ლარით განისაზღვრა, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის წილი 8 170,0 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 800,0 მლნ ლარს;
მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 3 150,0 მილიონი ლარია; • დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 10 850,0 მილიონი ლარით განისაზღვრა, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის წილი 8680,0 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო მუნიციპალიტეტების წილი – 2 170,0 მილიონ ლარს;
აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი 2 700,0 მილიონი ლარია;
იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 150,0 მილიონი ლარია;
ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 800,0 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 180,0 მილიონი ლარით განისაზღვრა.
მისივე თქმით, ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 350,0 მილიონი ლარია.
პროექტის თანახმად, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 30290,8 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრება.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 30 475,9 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის თანახმად: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილია 1 142,5 მილიონი ლარი და ამ თანხის ფარგლებში: მეწარმეობის განვითარებისთვის გათვალისწინებულია 237,7 მილიონი ლარი; ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის – 49,1 მილიონი ლარი; საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის – 145,9 მილიონი ლარი; ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის – 222,0 მილიონი ლარი, მათ შორის, 25,0 მილიონი ლარი გათვალისწინებულია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევებისთვის; ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობისთვის დაგეგმილია 60,0 მილიონი ლარის გამოყოფა, ხოლო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის – 150,0 მილიონი ლარი.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას როგორც პროგნოზების, ასევე, შემოსავლების დაზუსტებაზე. კონსულტაციები გვექნება როგორც სამინისტროებთან, ასევე პარლამენტთან და ვაპირებთ, ნოემბრის ბოლოსთვის ჩამოყალიბებული იყოს ბიუჯეტის ის ვარიანტი, რომელსაც თქვენი მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტების წევრების შეკითხვებს უპასუხა.
როგორც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება.
„შემდეგი 4 წლის განმავლობაში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულად წამყვან ეკონომიკურ სექტორებს განვითარების მაქსიმალური საშუალება მივცეთ. ამისთვის კი საჭიროა, რომ კაპიტალის ბაზრებზე გვქონდეს მეტი წვდომა ქვეყანაში მეტი ინვესტიციების მოსაზიდად“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა წარადგინა.
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი სამი დოკუმენტი: „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (პროექტი Log-In Georgia-ს დამატებითი დაფინანსება)“; „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივი კონვენციის ფარგლებში საქართველოს მიერ წარსადგენი განახლებული დათქმები და შეტყობინებები“ და „საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” 2007 წლის 15 ოქტომბერს ქ. ლუქსემბურგში ხელმოწერილ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ოქმი“.