სომხეთის ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების დროს პროცედურები უხეშად დაარღვია – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
რუსეთს საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, მთელი საარჩევნო კამპანია და თავად ხმის მიცემის პროცესი ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობების, მათი აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ მკაცრი რეპრესიების ატმოსფეროში მიმდინარეობდა.
„სომხური სამოციქულო ეკლესია, რომელიც, ტრადიციულად, ღრმად არის პატივცემული ქვეყანაში, ასევე დევნის ქვეშ მოექცა. ეს წარმოადგენს ერევნის მიერ თავისუფალი არჩევნების ჩატარების დემოკრატიული პრინციპებისა და პროცედურების უხეშ დარღვევას“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, რეპრესიების ქვეშ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში წევრობის მომხრე და ევროკავშირში გაწევრიანების ჩიხური კურსის მოწინააღმდეგეები არიან.
„რაც შეეხება მოსკოვის მომავალ პოლიტიკას სომხეთთან ურთიერთობაში, ვაპირებთ ჩვენი მოქმედების კურსის ჩამოყალიბებას სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ გადადგმული რეალური ნაბიჯების გათვალისწინებით“, – აღნიშნა რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
