პაკისტანის „თალიბანმა“, იგივე „ტეჰრიკ-ე-თალიბანმა“ პასუხისმგებლობა აიღო პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით რამდენიმე რაიონში მომხდარ თავდასხმებზე, რომლებსაც უსაფრთხოების 20 თანამშრომელი და სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ავღანური მედია ავრცელებს.
თავდასხმები, რომელთა შორის თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის სასწავლო სკოლაში თავი აიფეთქა, 10 ოქტომბერს ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში განხორციელდა.
პროვინცია ავღანეთს ესაზღვრება. პროვინციაში რამდენიმე შეიარაღებული დაჯგუფება მოქმედებს, რომლებმაც 2021 წელს მეზობელ ავღანეთში „თალიბების“ დაბრუნების შემდეგ უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმები გააძლიერეს.
ავღანეთის „თალიბანის“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირ ხან მუთაქიმ, პაკისტანი საზღვრების მახლობლად საჰაერო თავდასხმების განხორციელებაში დაადანაშაულა. ისლამაბადი აცხადებს, რომ „ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანის“ მებრძოლები ავღანეთიდან მოქმედებენ, რასაც ქაბული უარყოფს.