„თალიბანის“ საგარეო საქმეთა მინისტრი ამირ ხან მუთაქი პაკისტანს ავღანეთის საზღვრებთან საჰაერო დარტყმებში ადანაშაულებს და მის ნაბიჯებს „შეცდომას“ უწოდებს.
„სასაზღვრო რაიონებში, რომლებიც ჩვენი შორეული ტერიტორიებია, რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რასაც ვგმობთ და პაკისტანის მთავრობის მიერ დაშვებულ დიდ შეცდომად მივიჩნევთ“, – განაცხადა ამირ ხან მუთაქიმ.
აღნიშნულ განცხადებას წინ ავღანეთის საზღვართან ახლოს, ტირაჰის რაიონში მომხდარი შეტაკება უძღოდა, რომელსაც 11 პაკისტანელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ისლამაბადში აცხადებენ, რომ პაკისტანის „თალიბანის“, იგივე „ტეჰრიკ-ე-თალიბანის“ მებრძოლები ავღანეთიდან მოქმედებენ, რასაც ქაბული კატეგორიულად უარყოფს.
ამასთან, „თალიბანის“ საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ავღანეთში მდებარე ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. როგორც მუთაქიმ აღნიშნა, ავღანეთი არავის სამხედრო ჩარევას არ დაუშვებს.
„არცერთი უცხოელი სამხედრო ავღანეთის მოსახლეობის მიერ მიღებული არასდროს ყოფილა. ავღანეთი თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანაა. ქვეყნებს თუ ჩვენთან ურთიერთობა სურთ, მათ შეუძლიათ დიპლომატიური მისიებით ჩამოვიდნენ. მაგრამ ჩვენ მათ სამხედრო ფორმაში არ ვიღებთ. ავღანელების გამბედაობის გამოცდა არ ღირს. თუ ვინმეს ამის გაკეთება სურს, სთხოვოს ბრიტანეთს, საბჭოთა კავშირს, ამერიკას და ნატოს, აუხსნან, რომ ავღანეთთან თამაში კარგი არ არის“, – აღნიშნა ამირ ხან მუთაქიმ.