ავღანეთმა და პაკისტანმა ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს. საზღვარზე „თალიბანის“ მებრძოლებსა და პაკისტანელ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები დაიწყო.
პაკისტანში აცხადებენ, რომ 11 ოქტომბრის საღამოს ავღანურმა ძალებმა ცეცხლი საზღვრის რამდენიმე წერტილში გახსნეს, რასაც პაკისტანურმა მხარემ არტილერიით, ტანკებითა და დრონებით უპასუხა. ასევე ჰაერში აწიეს გამანადგურებლები. პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ავღანეთის თავდასხმა არაფრით იყო პროვოცირებული. უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ ცეცხლი სამოქალაქო პირებსაც გაუხსნეს.
„თალიბანმა“ დაადასტურა, რომ პაკისტანელ ჯარისკაცებს შეუტია და ამას „საპასუხო ოპერაცია“ უწოდა. ორი დღით ადრე, „თალიბებმა“ ისლამაბადი ავღანეთის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშების განხორციელებაში დაადანაშაულეს. თავის მხრივ, ისლამაბადმა ქაბულს მოუწოდა, „შეწყვიტოს პაკისტანელი თალიბების შეფარება თავის ტერიტორიაზე“. პაკისტანის ხელისუფლება მათ 2021 წლის შემდეგ ასობით პაკისტანელი ჯარისკაცის მკვლელობაში ადანაშაულებს. ცოტა ხნის წინ, ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში რამდენიმე ასეთი დივერსია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 20 უსაფრთხოების ძალების თანამშრომელი და 3 მშვიდობიანი მოქალაქე.