რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პოკროვსკსა და კუპიანსკში მყოფი უკრაინული ჯარები ალყაში არიან მოქცეულნი და გადარჩენის შანსი, ნებაყოფლობითი დანებების გარდა, არ აქვთ.
„დღეს კუპიანსკისა და კრასნოარმეისკის ბლოკირებულ უბნებში ჩარჩენილი უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფების მდგომარეობა, რომლებიც მუდმივად განიცდიან მნიშვნელოვან დანაკარგებს თავდასხმებისა და რუსული ჯარების წინსვლის შედეგად, სწრაფად უარესდება. ამის გამო უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს გადარჩენის შანსი, ნებაყოფლობითი ჩაბარების გარდა, არ აქვთ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„როიტერის“ ინფორმაციით, საბრძოლო რუკები აჩვენებს, რომ რუსული ძალები პოკროვსკის სრული ალყიდან რამდენიმე კილომეტრით არიან დაშორებულნი, აკონტროლებენ კუპიანსკის მნიშვნელოვან ნაწილს და ქალაქისკენ მიმავალ მთავარ გზაზე წინ მიიწევენ.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირდაპირ უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ორშაბათს გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ძალები ჯერ კიდევ აკონტროლებენ კუპიანსკის დიდ ნაწილს.
