დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 20 იანვრის შემდეგ დაახლოებით 80 000 მიგრანტის ვიზა გააუქმა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, მათ ვიზები გაუუქმეს სხვადასხვა სამართალდარღვევის, მათ შორის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს ავტომობილის მართვის, თავდასხმისა და ქურდობის გამო.
კერძოდ, დაახლოებით 16 000 ვიზის გაუქმება დაკავშირებულია ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს ავტომობილის მართვის შემთხვევებთან, 12 000 – თავდასხმასთან და კიდევ 8 000 – ქურდობასთან.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ თვეში განაცხადა, რომ გააუქმა, სულ მცირე, ექვსი ადამიანის ვიზა ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში გაკეთებული კომენტარების გამო.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მაისში განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ გააუქმა ასობით, შესაძლოა, ათასობით ადამიანის ვიზა, მათ შორის სტუდენტების, იმ საქმიანობაში ჩართულობის გამო, რომელიც, მისი თქმით, ეწინააღმდეგება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე მიიღო უფრო მკაცრი პოლიტიკა ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, გაამკაცრა შემოწმება და გააფართოვა სკრინინგის პროცედურები.
