უდავოა, რომ Eagle Hills- ის დაანონსებული პროექტს, როგორც სამშენებლო, ასევე, დეველოპერული, ტურისტული მიმართულებით, მომსახურების და სხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის ექნება წარმოუდგენლად პოზიტიური გავლენა. ვინაიდან, ეს ქმნის საქართველოში ახალ შესაძლებლობებს და უკვე აყენებს მოთხოვნას იმისი, რომ ბევრად უფრო კარგი შეთავაზებები მოხდეს საზოგადოების მიმართ პროდუქტის თვალსაზრისით. დაინერგოს უფრო მეტი ინოვაცია და ბიზნესი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, – განაცხადა ბიზნესმენმა, გოჩა კამკიამ, გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერ საქართველო“ Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიან უპრეცედენტო ინვესტიციაზე საუბრისას.
მისი თქმით, ის პირებიც კი, ვისაც გარკვეული კითხვები აქვთ, ისარგებლებენ იმ სიკეთეებით, რომელსაც აღნიშნული პროექტი მოიტანს.
„პროექტს ჰყავს ძალიან მსხვილი მოთამაშეები, როგორიც არის თავად სახელმწიფო და გლობალური საერთაშორისო კომპანია. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ ეს პროცესი წარიმართება აბსოლუტურად სწორად და საბოლოოდ ის პირები, რომლებსაც აქვთ გარკვეული კითხვები პროექტთან მიმართებაში, თავად გახდებიან ამ შესაძლებლობების მონაწილეები, რომლებიც უშუალო სარგებელს მიიღებენ შედეგების თვალსაზრისით.
სახელმწიფოს მონაწილეობა ამ პროექტში უზრუნველყოფს თავად სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცულობას. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც როგორც ბიზნესი, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესები იქნება ერთ კომპონენტად გაერთიანებული და ისე პოზიციონირებული, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში.
გარდა ამისა, ამას აქვს თავისი გვერდითი ეფექტები და მე ორ გარემოებას აღვნიშნავდი. პირველი ის, რომ მსგავსი პროექტების განვითარებისას მესიჯი არის შემდეგი, რომ ქართული სახელმწიფო წარმოადგენს მსხვილი ბიზნესის პარტნიორს, რომელსაც წარმატებით შეუძლია მსხვილი პროექტების განხორციელებაში თანამონაწილეობა. და მეორე, ძალიან მთავარი მესიჯი არის ის, რომ საქართველოს სახელმწიფო არის ბიზნეს მეგობრული სახელმწიფო. შესაბამისად, გარდა საკანონმდებლო ჯანსაღი ინიციატივებისა, ის ქმედით ნაბიჯებს თავად დგამს იმისთვის, რომ საქართველოში იყოს მსხვილი პროექტები განხორციელებული, რაც არის მკაფიო მესიჯი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში განხორციელებული შემდგომი ინვესტიციები იქნება მხარდაჭერილი და უსაფრთხოდ განხორციელებული“, – განაცხადა გოჩა კამკიამ.
