2026 წელს გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას. მისივე თქმით, 10%-ით გაიზრდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების დასაფინანსებლად 2026 წელს გამოყოფილია 3,5 მლრდ ლარზე მეტი, თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 445,0 მლნ ლარი.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სამინისტროებთან, რა დროსაც ხდება პარლამენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნებისა და წინადადებების განხილვა, რომლის დასრულების შემდეგაც, მომდევნო 2 კვირის ვადაში ჩამოყალიბდება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი. ფინანსთა მინისტრის თქმით, გარკვეული ცვლილებები შევა მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც, რომელიც მიმდინარე თვის ბოლომდე წარედგინება პარლამენტს განსახილველად.
