ყოფილი პარლამენტარის, მარნეულის ყოფილი მაჟორიტარის, თამაზ ნავერიანის ვაჟის – 17 წლის გიორგი ნავერიანის გარდაცვალებამ, საზოგადეობა ძალიან დაამწუხრა. გიორგი ყოფილი პარლამენტარის ერთადერთი ვაჟი იყო; თამაზს კიდევ სამი ქალიშვილი ჰყავს.
გიორგი იყო სიცოცხლით, პოზიტივითა და კეთილი ენერგიით აღსავსე ახალგაზრდა, რომელიც თავისი არსებობით მუდამ ახარებდა მის გვერდით მყოფ ადამიანებს…” – წერს მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი. ნავერიანმა ამ ცენტრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლში – “ლუშნუ” – ითამაშა.
გიორგი სპორტითა და თეატრალური სამყაროთი იყო გატაცებული.
ის 25 ნოემბერს გადაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად სუიციდი სახელდება…
გიორგი შესახებ, ფეისბუქზე, ვრცელ მოგონებას წერს შორენა ხუხუა. გთავაზობთ პოსტს.
“თამაზ ნავერიანი შობას გვეწვია სტუმრად წლების წინ და ლამაზი ბიჭუნა მოიყვანა:
– გაიცანით ჩემი გიორგუნა, – თვალებრიალა მეექვსეკლასელმა მაგარი სადღეგრძელოები გვითხრა ლიმონათით და ჩემი ბიბლიოთეკიდან წიგნი აარჩია არნე სვინგენის “გატეხილი ცხვირი.”
გადიოდა წლები, სპორტსა და თეატრს ერთნაირი წარმატება მოჰქონდა.
– საოცარი ძალა აქვს,- ამაყობდა მამამისი.
– იცით, როგორ თამაშობს სცენაზე, – იცინოდა დედა.
თმა მოუშვა.
უხდებოდა.
ერთ დღეს გაბრაზებული მოვიდა სახლში.
ნანას ღომზე ვსტუმრობდი, ცოტას ვსვამდით.
– ცხვირზე მომხვდა მუშტი ვარჯიშისას.
– დიდი ამბავი, – თამაზს გაეცინა.
– გოგოებს აღარ მოვეწონები,- აჰყვა სიცილში.
– მოეწონები, მოეწონები,- გავამხნევეთ.
წლიდან წლამდე იცვლებოდა.
ხან ულვაშიანი გადამკოცნიდა, ხან გრძელთმიანი. ზაფხულში სვანეთში გვიმასპინძლა მოკლედ თავგაკრეჭილ-წვერგაპარსულმა.
შორენას მეძახდა – ახალგაზრდულად.
მომწონდა.
თეკლას ბანქო ეთამაშა, ხედავს, სტუმარი აგებს, სცადა მოტყუება. ვითომ კარტებს ვერ ხედავდა.
– გიო, ვაგებ, ნუ იტყუები.
– მეგონა, იგებდი.
მსგავსი გულიანი სიცილი იშვიათია.
თვალებით, კბილებით, ყელგადაწეული მხიარულობდა.
– შორენა, ეს ჩვენი საგვარეულო კოშკია, ნახე, მეხი დაეცა და გადარჩა,- ხელჩაკიდებული მატარა მთაზე.
უზარმაზარი, გოროზი, ნამეხარი კოშკი დიდებულად იდგა.
– თაზო, ვფიქრობ, აქ მაგარი მუზეუმი გაკეთდება.
– მუზეუმი შენ გააკეთე, – მამამ ხელი აუწია. – მე მოვრჩი საქმეებს აქ, საკმარისად ვაშენე. ხელი მოჰკიდე, არ წაგექცეს შორენა.
– შენ თეკლას მოჰკიდე, მიჭირავს მე,- მკლავგაყრილმა ჩამომარბენინა დაღმართები.
მამა-შვილმა ხელგადახვეულებმა გადაიღეს ფოტოები.
– თამაზ, გაგასწრო სიმაღლეში?
– სულ ცოტათი, 17 წლისაა ჯერ. კარგი ბიჭია, არა? – ახედა ბედნიერმა.
– ძალიან.
– იცი, რა გემრიელია? მხოლოდ მულახში დგას ასეთი, – ვაშლი მომიკრიფა ეზოში.
სვანურ დუცის არაყს მიჭახუნებდა, ლამაზ სადღეგრძელოებს ამბობდა.
– რატომ არ სვამ? – გავიკვირვე.
– ერთ წვეთს არ ვეკარები, ვვარჯიშობ, – გამიცინა საოცარი სითბოშუქიანი თვალებით.
და დღეს ეს ულამაზესი, თვალებრიალა, უნიჭიერესი, უჭკვიანესი, უგულთბილესი და უსაყვარლესი ვაჟკაცი აღარ არის.
დატოვა დედამიწა.
გაფრინდა.
გული ამოგლიჯა მშობლებს.
მამამისი ნავერიანების ნამეხარ კოშკს ჰგავს, გაბზარული.
– გიო, გიო, გიო,- გუშინ ეძახდა, ეძებდა და არსად იყო ვარსკვლავივით თვალციმციმა გიორგუნა.
დედას ვერც მივუახლოვდი, ისეა უსასტიკესი რეალობის გლოვის მარწუხებში მოქცეული.
უზომოა ყველას მწუხარება.
ვუსამძიმრებთ თამაზ ნავერიანის ოჯახს ამ საზარელ ამბავს.
არაა სიტყვა.
არაა ნუგეში.
არ ვიცით, რა ვთქვათ.
ვიზიარებთ, გვტკივა, ვწუხვართ.”
***
გიორგის შაბათს, 29 ნოემბერს დაკრძალავენ…
“წმინდა ლაზარეს ეკლესია, დიღომი, ბელიაშვილის ქუჩა 62 (კინოსტუდიის ეზო) 14:00 საათი” – წერს გარდაცვლილის და.
