ეგრეთ წოდებული ალიანსის შეკრებას ვუყურებდი და მათ განცხადებას ვუსმენდი, რომ 26 მაისამდე წავიდნენ რეგიონებში. ნაცვლად იმისა, თბილისში ილაპარაკონ, მართლა როგორი საქართველო უნდათ და რაზე თანხმდებიან, დაახვიეს რეგიონებში. 26 მაისამდე თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს, – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, აბსურდია ყველაფერი, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს.
„ზოგადად, ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი კაცი მგონია და გამოვრიცხავ, არ იცოდეს, ჩერგოს და გვარამიას ალიანსი 2028 წლამდე რომ ვერ მიატანს. შესაბამისად, 2028 წელს თუ აპირებ არჩევნებს, მათ ერთად შეკრებას, დაფინანსებას, კარგად ჩაცმა-დახურვას, გაპიარებას არანაირი შინაარსი არ აქვს, რადგან მანამდე მაინც აფეთქდება ბევრჯერ და ეს ამბავი არ გამოვა. დავუშვათ, გინდა, გეგმა „ბ“ გქონდეს იმ შემთხვევისთვის, როცა ამერიკელებმა, ტრამპმა, ვიღაცებმა მოგთხოვეს ახალი არჩევნების დანიშვნა და გითხრეს, ჩვენთან თუ გინდა სიტუაციის დალაგება, არჩევნები უნდა ჩაატაროო. ამ დროისთვის აორგანიზებ ჯგუფს, ალიანსს, რომელთა ლიდერები არიან ჩერგო, გვარამია და ზუსტად იცი, რომ შანსი არ არის, ამ ხალხისგან რამე გამოვიდეს.
ნებისმიერი კოალიცია დაიშლება მას შემდეგ, რაც ეს ხალხი სრულად წარმოაჩენს საკუთარ სახეს კოალიციის შიგნით. რაც არ უნდა ფული ჩაასხა ამაში, დიდი ხანი ვერ იქნება, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში, თუ შემოდგომაზე აპირებ არჩევნებს, გჭირდება ბუა ოპოზიცია. შეიძლება, საერთოდ არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ბუა ოპოზიციად უნდა იყოს. გჭირდება საკუთარი ჯგუფის მობილიზება, რომელიც პირობითად, მაინც სულ მობილიზებული გაქვს. ასევე გჭირდება სწორი პოზიციის გამართვა ამერიკელებთან, რათა რაღაცნაირად მათთან ურთიერთობა აღდგეს. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ამისთვის მათ სთავაზობ – მოდი, დავლაგდეთ ერთმანეთთან და ვატარებ არჩევნებს. ხალხის კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანის მიზნით, მანამდე აქეთა მხარეს ყველაფერი გაქვს მომზადებული – ხალხი არ ელოდება არჩევნებს, მოუმზადებელია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და უცბად ასეთი სიტუაციით ისარგებლო, მიიღო არსებითი უმრავლესობა პარლამენტში, რათა შემდეგ რაც გინდა, ის აკეთო.
აქედან გამომდინარე, მინდა, გავაფრთხილო ჩვენი ამომრჩევლები, ხალხი, რომელიც პოლიტიკით არის დაინტერესებული, ყურადღება მიაქციოთ, რომ აბსურდია ეს ყველაფერი, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს. ნაცვლად იმისა, ერთმანეთში მოილაპარაკონ, ვის რა უნდა, როგორ უნდა, ამ პერიოდის განმავლობაში ემზადებოდნენ, ლიდერებად ირჩევენ ჩერგოს და გვარამიას, 26 მაისამდე მიდიან რეგიონებში სალაპარაკოდ. 26 მაისს რაღაც მიტინგს ნიშნავენ, რომელსაც დაშლი. მანამდე კიდევ ნებისმიერი პროტესტის ჩახშობას შეუწყობ ხელს, რადგან 26 მაისს გაქვს დანიშნული მიტინგები. ხალხო, მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ჩვენ არ ვიცით, ნამდვილად იქნება თუ – არა, მაგრამ „ქართული ოცნების“ გეგმა „ბ“ არის, რასაც ვუყურებ. სწორედ ამიტომ დგება ალიანსი, რომელიც დღეს რეგიონებში წავიდა და სწორედ ამიტომ დგება ასეთი შემადგენლობით, რომ არასდროს საფრთხე არ შეუქმნას „ქართული ოცნების“ ერთპიროვნულ მმართველობას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„ოპოზიციის ალიანსმა“ დღეს განცხადება გააკეთა მობილიზაციის კამპანიასთან დაკავშირებით. „31 მარტს ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. ეს არის „ოპოზიციის ალიანსის“ ინიციატივა, მაგრამ ეს საქმე არ არის ექსკლუზიურად ჩვენი გასაკეთებელი, ეს არის ყველას გასაკეთებელი საქმე“, – განაცხადეს „ოპოზიციის ალიანსის“ წარმომადგენლებმა.
