„დღეს, ჩვენ ვცხოვრობთ სწორედ იმგვარ დამოუკიდებელ, სუვერენულ და თავისუფალ ქვეყანაში, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები, ქართველთა მრავალი თაობა. დღეს ღმერთმა ჩვენ გვარგუნა წილად საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და კულტურის გაფრთხილება, აღორძინება და მომავალ თაობებზე გადაცემა. კოტე მაყაშვილის ოჯახმა და შტომ ამ წმინდა საქმისთვის გაიღო ყველაფერი, თავისი სიცოცხლით, თავისი შრომით, თავისი ნიჭითა და თავდადებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარის კოტე მაყაშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კოტე მაყაშვილის ხანმოკლე ცხოვრება საქართველოს საუკუნის წინანდელ ბობოქარ ქარტეხილებს დაემთხვა.
„სწორედ ამიტომ, კოტე მაყაშვილის გახსენებისას, ჩვენ პირველ რიგში გვახსენდება ის ეპოქა, როდესაც იქმნებოდა და იჭედებოდა თანამედროვე ქართული იდენტობა, როდესაც ილია ჭავჭავაძის გაკვალულ გზაზე, საზოგადოების ასპარეზზე, არაერთი გულმხურვალე და გამოჩენილი მამულიშვილი წარმოსდგა და თავის კვალი დაატყო ქართლის ბედს.
კოტე მაყაშვილის ცხოვრება პირდაპირ ასახავს ყველა იმ განსაცდელსა და წინააღმდეგობას, სიხარულსა თუ გამარჯვებას, რაც საქართველომ განვლო – თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, საქართველოს გასაძლიერებლად, მისი სახელმწიფოებრიობისა თუ კულტურის აღსაზევებლად,“- განაცხადა პალამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, კოტე მაყაშვილი წარმოადგენს სახეს ქართველი ინტელიგენტისა, რომელმაც ბოლომდე უერთგულა თავის ქვეყანას, არ მიატოვა სამშობლო, თავისი შვილის საფლავი, რომლის სიყვარულმა და დანაკლისმა მძიმედ დააავადმყოფა და საბოლოოდ შეიწირა კიდეც.
„მიუხედავად მარცხისა, რითიც საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობა დასრულდა, კოტე მაყაშვილმა განაგრძო ქართული მწერლობისა და კულტურის მსახურება, მისი თაოსნობით შეიქმნა მწერალთა კავშირი და ქართული ხელოვნების მომავალ თაობებს ასპარეზი გაეხსნათ.
ერთ-ერთი ასეთი ხელოვანი იყო მისი შვილიც, შალვა მაყაშვილიც, რომელიც ნახევარი საუკუნის მანძილზე ემსახურა ქართულ მხატვრობას. თითქოს სიმბოლურია, რომ შალვა მაყაშვილი, ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 1990 წლის 28 ოქტომბერს, საბჭოთა საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნების დღეს, როდესაც გადაწყდა კიდეც დამოუკიდებელი საქართველოს აღდგენა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
