ჩვენ გვაქვს მეხსიერება. არ შეიძლება ერთ პოლიტიკურ მოვლენაზე ამოგლეჯილად ვიმსჯელოთ. არ გახსოვთ მოლაპარაკებების გახსნა, როგორ საჯილდაო ქვად აქციეს? მაშინ როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით თავად ევროკავშირს ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა ევროკავშირს, რომ „გახსენი მოლაპარაკებები და დღესვე ხელს მოვაწერ“ და ეს მზაობა დღესაც არსებობს.
„ჩვენ გვაქვს მეხსიერება. არ შეიძლება ერთ პოლიტიკურ მოვლენაზე ამოგლეჯილად ვიმსჯელოთ. იმიტომ, რომ ამას აქვს თავის გარკვეული წინა პერიოდი. უნდა გვახსოვდეს საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. საქართველომ, როგორც ევროკავშირის არაწევრმა ქვეყანამ მიიღო აბსოლუტურად ყველა სიკეთე ევროკავშირისგან. ეს იქნებოდა კანდიდატის სტატუსი, თავისუფალი ვაჭრობა თუ ასოცირების შეთანხმება და ა.შ. და ეს ყველა სიკეთე არის ძალაში, რითაც ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი სარგებლობს.
მეორე, რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას, არ გახსოვთ მოლაპარაკებების გახსნა, როგორ საჯილდაო ქვად აქციეს? მაშინ როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით თავად ევროკავშირს ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება. თავად შარლ მიშელი გამოვიდა და თქვა, რომ 2030 წლამდე, ევროკავშირი არ არის მზად გაფართოებისთვის და გაფართოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის. რატომ უნდა შეგვეჩეჩებინა ჩვენ საზოგადოებისთვის ის ფაქტი, რაც რეალურად არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ჩვენ არ გვჭირდება უსიტყვოდ ჩანჩალი. ძალიან კარგად ვიაზრებთ იმ რეალობას, რაც არის შექმნილი. 2030 წლამდე ევროკავშირის არ არის მზად გაფართოებისთვის, შესაბამისად, საქართველომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
მისი თქმით, გადმობრალება საქართველოს ხელისუფლებაზე იმის, რაც არ ყოფილა არის მიუღებელი.
