ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”უკანასკნელ 10 წელიწადში ეს არაა BBC-სთვის პირველი სკანდალი, ჩვენ გვახსოვს: brexit-ის შესახებ საზოგადოების მიკერძოებული ინფორმირება, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ცალმხვრივი გაშუქება, არარსებული Russiagate-ი და ტრამპის “რუსეთის აგენტად” წარმოჩენა (რის გამოც დღემდე არ მოუხდიათ ბოდიში), როგორ მალავდნენ საკუთარ რიგებში ცნობილ წამყვან-პედოფილს, ტრამპის საჯარო გამოსვლის მონტაჟი “კაპიტოლიუმის” შტურმის წინ და ა.შ.
და აი მორიგი ისტორიაც, რომელშიც კვლავ BBC არის ჩართული – და ეს არაა უბრალოდ მორიგი მედია-სკანდალი. ეს არის იმის თვალსაჩინო მაგალითი, როგორ კარგავს მსხვილი საერთაშორისო მედია სარედაქციო კონტროლსა და ინფორმაციის გადამოწმების სტანდარტებს, და იქცევა პოლიტიკური დეზინფორმაციის რეზონატორად.
როგორც ცნობილია, საქმე ეხება BBC-ის მასალებს, რომლებიც ეფუძნებოდა ერთ-ერთი ქართველი ოპოზიციონერი აქტივისტის განცხადებებს, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ “პირველი მსოფლიო ომის დროინდელი” ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაში დაადანაშაულა. ბრალდება – უკიდურესად მძიმეა. ფორმულირება – მაქსიმალურად აგრესიული. მტკიცებულებები – “ზერო”.
აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ბრალდება – ეს არც რიტორიკული განცხადება და არც ემოციური ჰიპერბოლაა. ეს არის საერთაშორისო სისხლის სამართლის კატეგორია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება “რომის სტატუტს” – ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციას და გაეროს საგამოძიებო მექანიზმებს.
ამ მოცემულ შემთხვევაში კი: არ ჩატარებულა ლაბორატორიული ანალიზი, არ არსებობს ამ ფაქტის რომელიმე ავტორიტეტული საერთაშორისო სტრუქტურების მიერ დადასტურება, არ ყოფილა ექსპერტული დასკვნები, არ განხორციელებულა საბაზისო მონაცემების ელემენტარული გადამოწმებაც კი. გარდა ამისა – თავად ბრალდებების ავტორს (და მამამისს) მოგვიანებით საჯაროდ მოუხდა საკუთარი განცხადებების უარყოფა, როდესაც აღიარა, რომ: არ ჩაუტარებია არანაირი ანალიზი, მისი ინფორმაცია ვერ დაეყრდნობა სანდო ფაქტებს და
გაკეთებული ბრალდებები არ იყო გამაგრებული მტკიცებულებებით.
ამ ბინძურ ისტორიაში მთავარი პრობლემა არც ქართული “ოპოზიციაა”, არც საქართველოში მიმდინარე აქციები და არც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირებაა. მთავარი პრობლემა არის BBC-ის გადაწყვეტილება, რომელიც ბრმად დაეყრდნო დაუდასტურებელ წყაროს, დეზინფორმაციას მიანიჭა ლეგიტიმაცია
და ფაქტობრივად უსაფუძვლო ბრალდება – აქცია საკუთარი თავის წინააღმდეგ სასამართლო გამოძიების საფუძვლად.
ყოველივე ეს წარმოადგენს ჟურნალისტიკის ფუნდამენტური პრინციპების პირდაპირ დარღვევას:
როდესაც საუბარია „ქიმიურ იარაღზე“, ჟურნალისტს ვალდებულება აქვს დაამტკიცოს, და არა ივარაუდოს. ამგვარად, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში მიმართვა ბევრისთვის „პოლიტიკურ ნაბიჯად“ იქნა შეფასებული – თავისი არსით ეს არის იურიდიული პასუხი და არა პროპაგანდისტული ჟესტი.
საქართველოს მხარე აკეთებს პრინციპულად მნიშვნელოვან ნაბიჯს:
1) აფიქსირებს მედიის საშუალებით სისხლის სამართლებრივი ბრალდების ლეგიტიმაციის მცდელობას; 2) გადაჰყავს საკითხი მედია-სივრციდან სამართლებრივ ჩარჩოში და 3) მკაფიოდ აჩვენებს, რომ ასეთი მასშტაბის ბრალდებები ვერ დარჩება სამართლებრივი შედეგების გარეშე. აქ საუბარი არაა ყოფით ცილისწამებაზე – საუბარია “საერთაშორისო დანაშაულის” ცნების განზრახ გაუფასურებაზე.
საქართველო არაა პირველი, სადაც ქიმიური იარაღის თემა დიდი ხანია პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება. ჩვენთან ამის მიზანი მარტივია: ლოკალური კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია; შიდა პოლიტიკური დაპირისპირების – სისხლის სამართლებრივ ბრალდებად გადაქცევა; გარე ჩარევის პროვოცირება. ჩვენს შემთხვევაში ეს სქემა ჩაიშალა – სწორედ იმიტომ, რომ დეზინფორმაციის წყარომ ელემენტარულ გადამოწმებასაც ვერ გაუძლო – და მასთან ერთად მორიგი სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენა, ისედაც ფსკერს ქვემოთ არსებული BBC-ის რეპუტაცია.
დიდი ალბათობით, წინ გველის: BBC-ს დისტანცირების მცდელობა დეზინფორმაციის თავდაპირველი წყაროსგან; მისი ფორმულირებები „შემსუბუქდება“ ან გადაიხედება;
გამოძიება არასაჯარო სივრცეში გადაინაცვლებს – თუმცა ამ ისტორიის სრულად “ჩახშობა” უკვე შეუძლებელია.
საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებში მიმართვის ფაქტი ნიშნავს ერთს: ეს “ქეისი” არის გაფრთხილება ყველა საერთაშორისო მედიისთვის, ვინაიდან XXI საუკუნეში სახელმწიფოს ქიმიური იარაღის გამოყენებაში დადანაშაულება ნიშნავს – სისხლის სამართლის სივრცეში შესვლას;
მტკიცებულებებზე პასუხისმგებლობის აღებას და საკუთარი სიტყვების შედეგებზე პასუხის გაცემას.”




