საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სომხეთის შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრს, არსენ ტოროსიანს შეხვდა. მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის, სოციალური და შრომითი მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მიმდინარე რეფორმები და ახალი, ერთობლივი ინიციატივების შესაძლებლობები განიხილეს.
მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, ქვეყნებს შორის, არსებულ პარტნიორობას და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა მუდმივად ვითარდება. მინისტრის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა უფრო ღრმა და ინტენსიური პარტნიორობის საფუძველს ქმნის.
თავის მხრივ, არსენ ტოროსიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს, სოციალური დაცვისა და მომსახურებების გაძლიერების კუთხით, მრავალი საერთო ამოცანა და მიმართულება აქვთ. სომხეთის მინისტრი საქართველოში მიმდინარე რეფორმებითაც დაინტერესდა – განსაკუთრებით სოციალური პოლიტიკის, შშმ პირთა მომსახურებებისა და საპენსიო სისტემების განვითარებით.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააძლიერონ, კოორდინაცია და თანამშრომლობა პრიორიტეტულ სფეროებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი; სომხეთის შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე დავით ხაჩატრიანი; მინისტრის მრჩეველი დიანა ლალაზარიანი; ერთიანი სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი არტიომ სმბატიანი; სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი და საელჩოს მესამე მდივანი დავით ტერ- მკრტიჩიანი.
ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
