სწორედ სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო გამოძიება პროკურატურამ და სწორედ სტრასბურგის სასამართლოს მანამდე არსებული გადაწყვეტილება, რომელიც დიდმა პალატამ დაადასტურა, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოებულ საგამოძიებო მოქმედებებით გამოვლენილი გარემოებების შედეგად წარედგინა გახარიას ბრალი და შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. ამ კომენტარით მან უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის ვერდიქტს.
პაპუაშვილის თქმით, გაუგებარია, რა გაუხარდათ გახარიას პარტიის წარმომადგენლებს ამ გადაწყვეტილებაში.
„დღეს ის [გახარია] თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას, ასე რომ ახლა კითხვები მიემართება ევროკავშირს და გერმანიას ამ შემთხვევაში, სადაც ის იმყოფება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელია, საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურამ თავისი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა, მიდის გამოძიება და არის კონკრეტულად ბრალი წარდგენილი ადამიანის მიმართ, რომელიც დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას. ასე რომ, მე მგონი ბრიუსელი და სტრასბურგი ერთმანეთში უნდა გაერკვნენ, აღიარებს თუ არა ბრიუსელი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გამოძიების წარმოების აუცილებლობას. არ ვიცი გახარიას პარტიას ამ გადაწყვეტილებაში რა გაუხარდა. ძალით კარგი პოზის შენარჩუნება სურთ, მათ შორის, ციტატები მოჰყავდათ თითქოს უმაღლესი თანამდებობის პირებს არ გაუციათ ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, გახარიას არ გაუცია ბრძანება, ეს წერიაო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის ქართული გამოძიების ფაქტები კონსტატირებული. გახარიას ხელში წარმოებული გამოძიება რაც იყო, რომ ის არაფერ შუაში არ იყო, სწორედ ეს დარღვევა დაადგინა სტრასბურგმა, რომ სათანადოდ არ იყო გამოძიებული და დაავალა საქართველოს გამოძიება. სწორედ ამ გამოძიებამ დაადგინა, რომ მანამდე დადგენილი ზოგიერთი ფაქტი არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ასე რომ ის, მაგალითად რაც მოჰყავთ, თითქოს გახარია ამ საქმეში უბრალოა, პირიქით, ეს არის დასტური, რომ მისი მონაწილეობით წარმოებული გამოძიების შედეგად ხელი იყო დაფარებული გარკვეულ გარემოებებზე და ამის გამო დადგინდა დარღვევა.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე. ეს ის შტურმია, ნიკა მელიამ სამაჯური რომ მოიხსნა, მერე ევროკავშირმა გირაო რომ გადაუხადა და ა.შ. ყველაფერი ხომ ტყუილი აღმოჩნდა. ეს იყო ძალადობრივი შტურმი და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ამიტომ პოლიციას ჰქონდა უფლება სპეციალური საშუალებები გამოყენების. სტრასბურგმა დაადგინა, რომ ამ მოძალადეების კანონიერად მოგერიების დროს მოხდა ექსცესები, როდესაც ზოგიერთ მომიტინგეს მიადგა წარუშლელი დაზიანებები. სწორედ ეს გამოიძია შემდეგ პროკურატურამ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
