საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხადებას მედიასთან გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ის მარტა კოსია, რომლის პარტია „ალდე“, ტერორისტთან თანამშრომლობს.
„მანამ, სანამ „ალდე“ და ქალბატონი კოსი არ გაემიჯნებიან ტერორისტს, მანამდე მათი ყველა სიტყვა არის არასერიოზული. დღემდე „ალდე“ არის პარტია, რომელიც თანამშრომლობს ტერორისტთან და რომლის თანამებრძოლიც არის ტერორისტი.
როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს ევროკომისართან, რომელიც არის ტერორისტან მოთანამშრომლე პარტიის წევრი, ამ საკითხს სერიოზულად ვერ განვიხილავთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის პასუხისმგებლობას, საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ. მარტა კოსის თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრების პროცესი განაგრძოს, საქართველოს მთავრობამ მიდგომები და დღის წესრიგი უნდა შეცვალოს. მმართველი გუნდის შეფასებით, სახეზეა ევრობიუროკრატების არათანმიმდევრული განცხადებები. სწორედ მარტა კოსის აქვს რამდენიმე კვირის წინ ნათქვამი, რომ პროცესი ევროპულმა საბჭომ შეაჩერა და არა საქართველოს ხელისუფლებამ.
