არ შეიძლება ევროინტეგრაციის დოკუმენტი ეწოდოს იმას, რაც თავისი შინაარსით საქართველოს გაწირვის დოკუმენტია. საუბარია, რომ საქართველომ მკაცრი სანქციები დაუწესოს რუსეთს. ეს ხომ არის მცდელობა, რომ საქართველო ბოლომდე გაიწიროს, – ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკაში“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონთამიშვილი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დოკუმენტს.
მისი თქმით, დოკუმენტი ცალსახად უპირისპირდება ევროპულ სტანდარტებს და ხაზს უსვამს ევრობიუროკრატების სურვილს, რომ ყველა უსიტყვოდ დაემორჩილოს მათ.
„სამწუხაროა, რომ ქვეყნდება ასეთი ანგარიში. ის უგულებელყოფს ასოცირების შეთანხმებას და იმ პროგრესს, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს გააჩნია. სამაგიეროდ საუბარია ისევ სანქციების დაწესებაზე, ასევე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების უარყოფაზე და ახლებური სტანდარტების დამკვიდრების მცდელობაზე მათი მხრიდან. არ შეიძლება ევროინტეგრაციის დოკუმენტი ეწოდოს იმ დოკუმენტს, რომელიც თავისი შინაარსით და არსით საქართველოს გაწირვის დოკუმენტია.
ფაქტობრივად მაშინ, როდესაც ერთი მხრივ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ყველაზე მკაცრი კანონები და სანქციები უნდა დავაწესოთ რუსეთის მიმართ, რომ ჩვენ კანონის უზენაესობაზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ და ევრობიუროკრატების კარნახით უნდა მივიღოთ ყველა გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა ასეთი რიტორიკა ვერ იქნება გაზიარებული ჩვენი მხრიდან. ის სტანდარტი, რაც დღეს ევრობიუროკრატებს გააჩნიათ უკვე მხილებულია საერთაშორისო დონეზე, რომ ეს არის სწორედ ღალატი და კონფლიქტში მოსვლა სწორედ ევროპულ ღირებულებებთან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, კაია კალასის განცხადება კარგად აჩვენებს, თუ რამდენად ცუდია ევროპული დიპლომატია დღეს.
„მისი ეს განცხადება აღიქმებოდა ასეთნაირად, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყანას უყურებენ, როგორც დაბალ ღობეს. ჰგონიათ, რომ ამ ქვეყნებს თუ რამეს უბრძანებენ ყველამ მორჩილად, კითხვის დასმის გარეშე უნდა შეასრულოს ეს დავალება. როდესაც საუბარია მაგალითად სანქციებთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ყველაზე მკაცრი სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს. საერთოდ არ არის საუბარი იმ გარანტიებზე, რომელიც შეიძლება საქართველომ ამ მხრივ მიიღოს, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდება. ეს ხომ არის მცდელობა იმისა, რომ საქართველო ბოლომდე გაიწიროს. ანუ ისინი გვეუბნებიან, რომ საქართველოს ბედი მათ არ აინტერესებთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მიმართ ევრობიუროკატები მიერ არის არაჯანსაღი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტები.
„მათ უნდათ საქართველო საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად გამოიყენონ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
