აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „იყენებს ყველა ხელთარსებულ ინსტრუმენტს ამერიკელი ხალხის დასაცავად“.
ნოემმა ეს განცხადება ნიუ-იორკში მას შემდეგ გააკეთა, რაც დადებითად შეაფასა ოპერაცია „სალვოს“ შედეგები. აღნიშნული ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ივლისში, ნიუ-იორკში, აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის (CBP) სამსახურის თანამშრომელზე, რომელიც იმ დროს მოვალეობას არ ასრულებდა, თავდასხმა განხორციელდა.
ნოემის თქმით, ამ ინციდენტის გამოძიებამ გამოავლინა, რომ მის უკან მდგომი „ნაძირლები“ დაკავშირებულნი არიან ნიუ-იორკში არსებულ კრიმინალურ დაჯგუფება Trinitarios-თან და ისინი „ამ მომენტამდე დაცულნი იყვნენ „თავშესაფარი ქალაქის“ პოლიტიკით [აშშ-ში არსებული პრაქტიკა, როდესაც ქალაქის ხელისუფლება ზღუდავს თანამშრომლობას ფედერალურ საიმიგრაციო სამსახურებთან, რათა დაიცვას არალეგალი მიგრანტები დეპორტაციისგან].
„ოპერაცია „სალვო“ მხოლოდ დასაწყისია უფრო ფართო და ბევრად უფრო ხანგრძლივი ძალისხმევისა, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციებისა და ქსელების, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიმინალი არალეგალი უცხოელების წინააღმდეგ“, – აღნიშნა კრისტი ნოემმა.
„ჩვენ დაგაპატიმრებთ, აღვასრულებთ მართლმსაჯულებას და დავუბრუნებთ უსაფრთხოებას ამერიკელ ხალხს. ჩვენ ვაფრთხილებთ ყველას: თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ზიანი მიაყენოთ კერძო პირს, შეერთებული შტატების მოქალაქეს ან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს, ჩვენ გიპოვით და პასუხს გაგებინებთ. თუკი ჩვენს ოფიცრებს თითით შეეხებით, დაგიჭერთ, სისხლისსამართლებრივ დევნას დავიწყებთ და იგრძნობთ კანონის მთელ სიმკაცრეს. ყველაფერში, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია აკეთებს, ჩვენ პირველ ადგილზე ამერიკელ ხალხს ვაყენებთ“, – დასძინა მან.

