აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დეტროიტის ეკონომიკურ კლუბში სიტყვით გამოსვლისას ირანის მოსახლეობას მიმართა და მათ ინსტიტუციების დაკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ტრამპის თქმით, ირანში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ გაურკვეველია.
„ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი, დაიკავეთ თქვენი ინსტიტუციები, თუ ეს შესაძლებელია. დაიმახსოვრეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები, რომლებიც თქვენზე ძალადობენ. თქვენ ძალიან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი ხართ. ერთის სიკვდილიც უკვე ძალიან ბევრია, მაგრამ მე ხან გაცილებით მაღალი, ხან გაცილებით დაბალი რიცხვები მესმის. შეინახეთ მკვლელების სახელები, რადგან ისინი ძალიან დიდ საფასურს გადაიხდიან. მე გავაუქმე ყველა შეხვედრა ირანელ ოფიციალურ პირებთან იქამდე, ვიდრე დემონსტრანტების უგუნური მკვლელობები არ შეწყდება. დახმარება გზაშია. თქვენ ნახეთ, რომ ირანთან საქმიანი ურთიერთობების მქონე ნებისმიერ პირზე ტარიფები დავაწესე. ეს დღეს შევიდა ძალაში. მე ვამბობ, გავხადოთ ირანი ისევ დიდებული. იცით, ეს შესანიშნავი ქვეყანა იყო, ვიდრე ეს მონსტრები მოვიდოდნენ და მას დაიპყრობდნენ. არჩევნებში რომ არ გამემარჯვა, ჩვენც ასე დაგვემართებოდა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა დეტროიტის ეკონომიკურ კლუბში სიტყვით გამოსვლისას.

